ქვეყნები, რომლებიც ადრე მდიდრები იყვნენ, თუმცა დღეს ღარიბებად ითვლებიან

ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობა შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს საუკუნეების განმავლობაში. ფაქტობრივად, ბევრი ერი, რომლებიც დღეს ღარიბ ან საშუალო შემოსავლის მქონედ ითვლება, ერთ დროს მსოფლიოში ყველაზე შეძლებულთა შორის იყო.

სტატიაში რამდენიმე მათგანის შესახებ მოგითხრობთ:

ტაილანდი

მიუხედავად მისი მზარდი ეკონომიკისა, ტაილანდის მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 7,300 დოლარია, რაც ბევრად დაბალია მოწინავე ეკონომიკების მაჩვენებელზე. გარდა ამისა, მძიმე სიღარიბეს ისევ ებრძვიან ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით და ღრმა სამხრეთით მდებარე სოფლებში.

თუმცა, მე-16 და მე-17 საუკუნეებში აიუტთაიას სამეფო, რომელიც მოიცავდა თანამედროვე ტაილანდის დიდ ნაწილს, ბევრად მდიდარი იყო, ვიდრე ბევრი ევროპული ქვეყანა. სამეფო იყო საერთაშორისო ვაჭრობის ცენტრი და მისი დედაქალაქი პარიზს ზომითა და ბრწყინვალებით ეჯიბრებოდა.

სამეფოს კუნძულის სტრატეგიული მდებარეობა, რომელიც გარშემორტყმული იყო მდინარეებით და დაკავშირებულია ზღვასთან, უზრუნველყოფდა სასიცოცხლო მნიშვნელობის დაცვას სამხედრო გემების თავდასხმისგან. რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, აიუტთაიას სამეფო უცხოელი მოვაჭრეების ადგილსამყოფელიც იყო.

მე-18 საუკუნის დასაწყისში ვაჭრობა შემცირდა, რამაც მძიმე დარტყმა მიაყენა ეკონომიკას. სამეფო ტახტების მემკვიდრეების სისხლიანმა თამაშმა დესტაბილიზაცია მოახდინა მონარქიაში და მეზობელი ბირმის (ახლანდელი მიანმარის) შემოჭრის საფრთხე დიდი იყო.

დასუსტებული სამეფოს მდგომარეობით ისარგებლა ბირმის არმიამ და 1765 წელს შეიჭრა, ალყა შემოარტყა დედაქალაქს. ორი წლის შემდეგ აიუტაია დიდწილად განადგურდა.

მალი

მალი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა პლანეტაზე. ერთ სულ მოსახლეზე მშპ მხოლოდ 957 დოლარია. გვალვისადმი მიდრეკილი აფრიკული ერი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 45 ყველაზე ნაკლებად განვითარებული ქვეყნის სიაშია და მისი მოსახლეობის დიდი ნაწილი საარსებო მინიმუმზეა დამოკიდებული.

თუმცა ასობით წლის უკან ყველაფერი განსხვავებული იყო. ქვეყანა იყო აფრიკის ერთ-ერთი უდიდესი და უმდიდრესი იმპერია, რომელიც ვრცელდებოდა კონტინენტზე ატლანტის ოკეანემდე და 50 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა.

მალის იმპერიის ზრდასთან ერთად გაიზარდა მისი დედაქალაქი ტიმბუქტუ, რომელიც გახდა სწავლის, კულტურისა და ვაჭრობის ცნობილი ცენტრი.

იმპერია მწვერვალზე იყო მანსა მუსა I-ის დროს, რომელიც მართავდა 1312 წლიდან 1337 წლამდე. იმ დროს მალი იყო ოქროს მთავარი მწარმოებელი და ძვირფასი ლითონის ნახევარი მსოფლიო მარაგი მოიპოვებოდა. მალი ოქროთი ვაჭრობდა ეგვიპტეში, სპარსეთში, გენუასა და ვენეციაში.

მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, ზუსტად როდის გარდაიცვალა მანსა მუსა I, მისი მეფობის შემდეგ მალის იმპერია დასუსტდა. სამოქალაქო ომისა და მეზობელი მეტოქეების თავდასხმების შემდეგ იმპერია ვერ გადაურჩა მე-16 საუკუნის ბოლოს მაროკოს შემოჭრას.

ინდოეთი

ინდოეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 2,850 დოლარია, რაც დღეს დაბალ მონაცემად ითვლება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში, ქვეყანაში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად დიდი პროგრესი იქნა მიღწეული, ასობით მილიონი ინდოელი კვლავ ცხოვრობს სიღარიბეში. მოსახლეობის დაახლოებით 60% დღეში 3,10 დოლარზე ნაკლებით არსებობს.

თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა, იმპერია, რომელიც 1526 წელს დაარსდა და ვრცელდებოდა თითქმის მთელ ინდოეთის ქვეკონტინენტზე, მე-17 საუკუნეში ძალიან წარმატებული იყო. მე-18 საუკუნის დასასრულისთვის ინდოეთი იქცა მსოფლიოს უპირველეს ეკონომიკურ ძალად. აწარმოებდა მსოფლიო სამრეწველო პროდუქციის მეოთხედს.

რეალური ხელფასები და ცხოვრების დონე ინდოეთში კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ინგლისში, რომელსაც იმ დროისთვის ევროპაში ცხოვრების საუკეთესო დონე ჰქონდა.

კუბა

ათწლეულების კომუნისტურმა მმართველობამ და აშშ-ს დამღუპველმა სანქციებმა გააღარიბეს კუბა. კარიბის ზღვის აუზის მოსახლეობის ყოველთვიური საშუალო შემოსავალი 16-დან 23 დოლარამდეა (ღარიბი და საშუალო ფენა).

სანამ ფიდელ კასტრო რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდოდა, ამერიკაში შაქრის მრეწველობის და ტურიზმის მზარდი ინდუსტრიის წყალობით, ქვეყანას ჰქონდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მშპ ერთ სულ მოსახლეზე. კუბას ჰყავდა აყვავებული საშუალო კლასი, ხოლო დედაქალაქი ჰავანა მეორე ადგილზე იყო მანქანებისა და ტელეფონების მფლობელობაში ერთ სულ მოსახლეზე. მაგრამ ამასთანავე კუბაში ორგანიზებული დანაშაულები, ნარკოტიკებით ვაჭრობა და პროსტიტუციაც უკონტროლო იყო.

რევოლუციის შემდეგ კუბამ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის კლება განიცადა. ეკონომიკამ ყველაზე დაბალ წერტილს მიაღწია 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა სუბსიდიები შემცირდა.

COVID-19 პანდემიამ შექმნა ახალი ეკონომიკური კრიზისი ერისთვის და მიიყვანა მიგრაცია ისტორიულ მწვერვალებამდე. კუბელების რიცხვი, რომლებიც ტოვებენ თავიანთ ქვეყანას, მკვეთრად გაიზარდა 2022 წელს.

ერაყი

ათწლეულების ომის შემდეგ, ერაყის ეკონომიკა იბრძვის აღდგენისთვის. მშპ ერთ სულ მოსახლეზე ამჟამად მხოლოდ 6 000 აშშ დოლარია და ქვეყნის მესამედი სიღარიბეში ცხოვრობს.

თუმცა ერაყი ოდესღაც სარგებლობდა რეგიონში ცხოვრების ერთ-ერთი უმაღლესი სტანდარტით. ნავთობის მარაგების წყალობით, 1980-იან წლებამდე ქვეყანას გააჩნდა მოწინავე ინფრასტრუქტურა, სოციალური სერვისები და ჯანდაცვა.

ერაყის პერსპექტივები დაღმასვლისკენ წავიდა, როდესაც სადამ ჰუსეინმა ოფიციალურად აიღო ხელისუფლება 1979 წელს. 1980 წელს დიქტატორმა ქვეყანა ჩაითრია დამანგრეველ რვაწლიან ომში მეზობელ ირანთან, რამაც გაანადგურა ეკონომიკა. შიდა კორუფციამ და ნავთობის ფასების ვარდნამ გაამწვავა ერაყის მძიმე ფინანსური მდგომარეობა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი