პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში ოფშორების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ეხმიანება. გთავაზობთ მის პოსტს:
„რაში სჭირდება კლანი, ეროვნული ბანკი და ოფშორის კანონი ივანიშვილს?
ფარცხალაძეზე სანქციების შემდეგ, ეროვნულმა ბანკმა გაათეთრა ყველა დასანქცირებული ოლიგარქი.
ანუ, ყველა ვინც სანქციებში მოყვება მურუსიძის სასამართლოს მეშვეობით საქართველოში ფულის გათეთრებას შეძლებს.
2023 წლის სექტემბრის ეროვნული ბანკის დადგენილებით:
ამ წესით გათვალისწინებულ სანქციათა რეჟიმები ვრცელდება:
ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი;
ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
გამჭვირვალობა კი არა, ივანიშვილი და ნებისმიერი სანქცირებული რუსი საქართველოში ფულს გაათეთრებს.
ბანკები და ბიზნესი რას იტყვიან?” – წერს ხატია დეკანოიძე.
დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, პარლამენტმა საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები მესამე მოსმენით (73 - მომხრე, 9 - წინააღმდეგი) დაამტკიცა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებით, ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და შესაბამისი საურავები ჩამოეწერებათ.
ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.
პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.