"როდესაც ლაპარაკობენ, რომ ბიზნესი იმყოფებოდა წნეხის ქვეშ, მაშინ რატომ მოხდა ეკონომიკის გაზრდა 3-ჯერ"

როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ ბიზნესი იმყოფებოდა სერიოზული წნეხის ქვეშ, მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ მოხდა ეკონომიკის გაზრდა 3-ჯერ, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"როდესაც ლაპარაკობენ იმაზე, რომ ბიზნესი იმყოფებოდა სერიოზული წნეხის ქვეშ, მაშინ ჩნდება კითხვა - რატომ მოხდა ეკონომიკის გაზრდა 3-ჯერ, რატომ მოხდა რომ მშპ იზრდებოდა საშუალოდ 7%-ით, რატომ მოხდა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ადვილი არის ბიზნესის რეგისტრაცია, რატომ მოხდა, რომ საქართველოში პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ადვილია საბაჟო პროცედურები, რატომ მოხდა, რომ საქართველოში ყველაზე ნაკლები ლიცენზიები და რეგულაციებია?!", - აღნიშნა ადეიშვილმა.

მისივე თქმით, ყოფილმა ხელისუფლებამ დაიწყო გადასახადების შეგროვება, რაც მტკივნეული პროცესია ასეთი გამოცდილების არმქონე ქვეყნისთვის. ადეიშვილის განცხადებით, ამ პროცესში იყო გარკვეული შეცდომები, თუმცა რეკეტს ადგილი არ ჰქონია. "2004 წელს მთელი ეკონომიკიდან სიკეთეს იღებდა მხოლოდ 50-დან 100 ოჯახამდე. შესაბამისად, გადასახადები არ გროვდებოდა. ამის შედეგი იყო ის, რომ საქართველოში არ იყო კარგი გზები, საქართველოში არ იყო ელექტროენერგია, საქართველოში არ იყო პენსიები, არ რიგდებოდა ხელფასები და ა.შ. ნორმალურ ქვეყანაში იგულისხმება, რომ მასში გადასახადები უნდა გროვდებოდეს. ჩვენ დავიწყეთ ამ მიმართულებით მოძრაობა და შედეგი არის, რომ გაიზარდა პენსიების რაოდენობა 9-ჯერ, საგადასახადო შემოსავლების რაოდენობა გაიზარდა 12-ჯერ, მიუხედავად იმის, რომ შევამცირეთ გადასახადები. ამის შედეგია, რომ საქართველოში არის კარგი ინფრასტრუქტურა, მოწესრიგდა ძირითადი სასიცოცხლო პრობლემები, სახელმწიფო მოხელეებს აქვთ შესაბამისი ანაზღაურება. ეს პროცესი ყოველთვის არის მტკივნეული და ჩვენც შესაბამისად გვქონდა სერიოზული პრობლემები ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან არ იყო გამოცდილება, თუ როგორ უნდა გადავსულიყავით ტოტალური გადასახადების გადაუხდელობისგან რეალურად იმ პროცესამდე, რომ ბიზნესის უმეტესობა იხდის გადასახადებს და ბიზნესი არის თეთრი. ბუნებრივია, რომ ჩვენ გადავდგით სერიოზული ნაბიჯები, რომ ბიზნესი იყოს თავისუფალი, მაგრამ ამავე დროს იმისთვის, რომ ყველა კომპანიას გადაეხადა გადასახადები, ამ პროცესში იყო გარკვეული შეცდომები. თუ ლაპარაკია რეკეტზე, რეკეტი ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც აქვს ვინმეს პირადი გამორჩენა. თუ რომელიმე პროკურორს, დაწყებული ჩემით დამთავრებული რიგითი პროკურორით, მიღებული აქვს რაიმე სიკეთე, ნებისმიერს შეუძლია ნახოს, განაცხადოს და ეთქვა, რომ ეს ქონება აღმოჩნდა რომელიმე ამ ადამიანის ხელში", - აღნიშნა ადეიშვილმა.