კომოს ტბა ტურისტებისთვის შესაძლოა, ფასიანი გახდეს - რა ტიპის გადასახადს განიხილავს მთავრობა

ჩრდილოეთ იტალიის კომოს ტბა, რომელიც ქვეყანაში სიდიდით მესამე, მაგრამ ყველაზე პოპულარულია, ტურისტებისთვის შესაძლოა, ვენეციის მსგავსად, ფასიანი გახდეს. ინფორმაციას Euronews Travel ავრცელებს.

ცნობისთვის: აპრილის ბოლოდან ვენეცია მსოფლიოში პირველი ქალაქი ხდება, რომელშიც შესვლა ტურისტებისთვის ფასიანი ხდება.

ამდენდ, იტალიაში მეორე ფასიანი პოპულარული ადგილი მალე შესაძლოა, კომოს ტბაც გახდეს. კერძოდ, მართალია, კომოს ტბის ირგვლივ რამდენიმე ლამაზი ქალაქი და სოფელია, მაგრამ სწორედ ამავე სახელწოდების ქალაქი, კომო გახდა პირველი, რომლის მერიაც ტურისტებისთვის სავიზიტო გადასახადის შემოღებას განიხილავს. მერი, ალესანდრო რაპინეზე აცხადებს, რომ ის დღიური გადასახადის შემოღებას „ვენეციურ სტილში“ განიხილავს და მოსალოდნელია, რომ ცვლილება ძალაში მალე შევა.

“ჩვენ უკვე განვიხილავთ ტურისტული გადასახადის იდეას. რევოლუციები კონკრეტული ზომებით იწყება და ჩვენ მზად ვართ, ამ რთულ გზას დავადგეთ. ძნელია, იყო მერი, როცა ტურიზმს ებრძვი,” - აცხადებს რაპინეზე.

მართალია, მერი ჯერ არ აკონკრეტებს დამატებით დეტალებს, თუ რა გადასახადი დაწესდება, ვის მოუწევს მისი გადახდა ან როდის შევა ძალაში, მაგრამ მოელიან, რომ საფასურს ქალაქ კომოს ყოველდღიური ვიზიტორები გადაიხდიან.

კერძოდ, თუ ის ვენეციის მოდელის ანალოგი იქნება, საფასური დღიურ ტურისტებზე გავრცელდება და არა მათზე, ვინც ქალაქში დღეღამეს ჯავშნის. ასევე, გადასახადმა შესაძლოა, მხოლოდ დატვირთულ დღეებში იმოქმედოს, როგორიც შაბათ-კვირა და სადღესასწაულო დღეებია.

კომოს ტბას ყოველწლიურად 1,4 მილიონამდე ტურისტი სტუმრობს. ბოლო წლებში ტბა ტურისტების მზარდ რაოდენობას ებრძვის. ხალხმრავლობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც რამდენიმე ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯორჯ კლუნმა უძრავი ქონება სანაპირო ზოლის გასწვრივ შეიძინა, ტბა კი გადასაღებ ადგილად იქცა ფილმებისთვის, როგორიც არის Casino Royale და House of Gucci.

გასულ ზაფხულს კომოს ტბის ერთ-ერთ ვილაზე, “ვილა დელ-ბალბანელოზე,” რომელიც ჯეიმს ბონდისა და “ვარსკვლავური ომების” ფილმებში ჩანს, ყოველდღიური ვიზიტორების რაოდენობა 2,000-დან, მაქსიმუმ, 1,200-მდე შეიზღუდა, რომ ეს ისტორიული ნაგებობა დაცული ყოფილიყო. იტალიის გარემოს დაცვის ფონდმა (FAI), რომელიც ამ ობიექტს მართავს, შეზღუდვას “რადიკალური, თუმცა ჭარბი ტურიზმის შედეგების დასაძლევად აუცილებელი გადაწყვეტილება” უწოდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ