იტალია ათი წლის შემდეგ რუსეთში ღვინის მთავარი ექსპორტიორი პირველად გახდა

იტალია მიმდინარე წლის იანვარში ევროპულ ქვეყნებს შორის რუსეთში ღვინის მთავარი ექსპორტიორი 2014 წლის ივლისის შემდეგ პირველად გახდა. ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ევროპული სტატისტიკის შესწავლის შემდეგ ავრცელებს.

კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარში იტალიამ რუსეთს 19,8 მლნ ევროს ღვინო მიაწოდა, რამაც მას საშუალება მისცა, ლატვიისთვის გადაესწრო და ევროკავშირიდან ამ სასმელის ექსპორტის მოცულობით პირველი ადგილი დაეკავებინა. მანამდე იტალიამ პირველი ადგილი ბოლოს 2014 წლის ივლისში დაიკავა. ქვეყანამ მეტ-ნაკლებად სტაბილური ლიდერობა 2011 წლის ბოლოს დაკარგა.

იტალია პირველი იყო თებერვალშიც, როცა რუსეთს რეკორდული 27,3 მლნ ევროს ღვინო მიაწოდა. მეორე ადგილზე 7,8 მლნ ევროს მოცულობით ლატვია, ხოლო მესამეზე 7,6 მლნ ევროს ღირებულების მიწოდებით ლიეტუვაა. შემდეგ მოდის ესპანეთი (3,1 მლნ ევრო), გერმანია (2,9 მლნ ევრო) და პორტუგალია (1,4 მლნ ევრო). ამასთან, რუსეთმა, თითქმის, წელიწადნახევრის, ანუ 17 თვის განმავლობაში პირველად შეიძინა ღვინო ხორვატიიდან, რომლის იმპორტმაც 41,000 ევრო შეადგინა.

იატალია, ასევე, არის პირველი რუსეთში ღვინის გაყიდვების ზრდაში, რომელიც 2023 წლის თებერვლიდან 2024 წლის თებერვლამდე პერიოდს მოიცავს. ქვეყანამ გაყიდვები 2,52-ჯერ გაზარდა. შემდეგი პორტუგალიაა, რომლის გაყიდვებიც 2,47-ჯერ გაიზარდა. გერმანიამ 2,3-ჯერ, ხოლო პოლონეთმა წლევანდელი თებერვლისთვის გაყიდვები 2,25-ჯერ, ანუ 6,9 მლნ ევრომდე გაზარდა.

მთლიანობაში, მიმდინარე წლის თებერვლის შედეგებით რუსეთმა ევროკავშირისგან 58 მლნ ევროს ღირებულების ღვინო იყიდა. აქედან 47% იტალიიდან, 13,3% ლატვიიდან, ხოლო 13% ლიეტუვიდან იყო.

მთელი 2023 წლისთვის ევროკავშირიდან რუსეთში ღვინის ექსპორტის მოცულობამ 809 მლნ ევრო შეადგინა. აქედან 43% ლატვიის, 24% ლიეტუვის, ხოლო 20% იტალიის წილს შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ