რას ითვალისწინებს მთავრობის მიერ შეთავაზებული ესტონური მოდელი

"საქართველოში ესტონური მოდელის დანერგვა საკმაოდ წაახლისებს ბიზნესს"

ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვს. ბიზნესმენები ირწმუნებიან, რომ ეს ნაბიჯი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას სერიოზულ ბიძგს მისცემს. აღნიშნული გადასახადის საბოლოო გაუქმებამდე, მისი ეტაპობრივად შემცირების ინიციატივით გამოდის "გადასახადის გადამხდელთა კავშირი". როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საქართველომ უნდა გააგრძელოს დაბალი გადასახადებისა და დაბალი ბიუროკრატიის პოლიტიკა, რომელიც სწრაფი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად ხელშემწყობი ფაქტორი იქნება. 2015 წლის გეგმის თანახმად, მოგების გადასახადიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 900 მილიონი ლარის შესვლაა განსაზღვრული. შესაბამისად, აღნიშნული გადასახადის გაუქმება ხელისუფლების მიერ დამატებითი რესურსების მოძიების, სხვა არხების გამოძებნის აუცილებლობას იწვევს. ამ ეტაპზე კი მთავრობა მოგების გადასახდის გაუქმებას არ ჩქარობს. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მოგების გადასახადის გაუქმებაზე მიმდინარეობს მუშაობა, თუმცა მისი პირდაპირ გაუქმება არ მოხდება. ნოდარ ხადურის თქმით, ხელისუფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ესტონურ მოდელს განიხილავს და ზუსტ საგზაო რუკას სექტემბრისთვის წარადგენს.

რას ითვალისწინებს ესტონური მოდელი და რას ურჩევენ ხელისუფლებას ექსპერტები - ამ საკითხებზე bpn.ge ეკონომიკის საკითხებში ექსპერტებს ესაუბრა.

როგორც ექსპერტი ლევან კალანდაძე აცხადებს, ე.წ. ესტონური მოდელი თავად მოგების გადასახადის გაუქმებას, მაგრამ მეპაიეების, აქციონერების, დამფუძნებლების მიერ კომპანიების საქმიანობიდან მიღებული დივიდენდის დაბეგვრის პრაქტიკის შემოღებას ითვალისწინებს, ანუ ამ შემთხვევაში მიდგომა კონცეპტუალურად იცვლება.  ლევან კალანდაძის განმარტებით, კომპანია, როგორც მოგების გენერატორი, ანუ მიმღები, მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრება, მაგრამ დაიბეგრება იმ ფიზიკური პირებისა და ორგანიზაციების შემოსავალი, რომელიც ამ კომპანიების საქმიანობისგან მიღებული მოგებიდან დივიდენდებს მიიღებენ.  "პრინციპულად და კონცეპტუალურად ეს არის საკმაოდ კარგი და სწორი მიდგომა, რადგან ეს მოდელი, პრაქტიკულად, უბიძგებს კომპანიებს და ახალისებს, რომ რაც შეიძლება დიდი მოგება დააფიქსირონ, რომ მოგებასა და განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობა აწარმოონ იმ დათქმით, რომ მათ ეს მოგება არ დაებეგრებათ. შესაბამისად, კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ხდება მოგების დაფიქსირება და კომპანიამ წინასწარ იცის, რომ აპრიორი მისი მოგება არ დაიბეგრება. რაც შეეხება აქციონერების, დამფუძნებლების მიერ დივიდენდის მიღებას, ეს უკვე დაბეგვრის რეჟიმში გადადის და უფრო საშემოსავლო ტიპის გადასახადია, ვიდრე მოგების გადასახადი", - განაცხადა კალანდაძემ.

მისივე შეფასებით, ეს განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებული მოდელია, რომელიც თავისთავად კომფორტულია ბიზნესისთვის.  "აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები, რომ საქართველოში ესტონური მოდელის დანერგვა საკმაოდ წაახალისებს ბიზნესს, ხელს შეუწყობს განვითარების თვალსაზრისით, ასევე დადგენილი და უზრუნველყოფილი იქნება გარკვეული სამართლიანობის პირინციპი, რადგან უხეშად რომ ვთქვათ, სახლში წაღებული ფული ანუ აქციონერის მიერ მიღებული დივიდენდი ხდება დაბეგვრის ობიექტი და არა ის, რომ კომპანიამ მიიღო მოგება. ამავდროულად, ეს ხელს უწყობს თავად კომპანიის ზრდაზე ორიენტირებული პირობების შექმნას, რადაგნ მოგება, რომელიც გამოიყენება რეინვესტირებისთვის და არა აქციონერის მიერ სახლში წასაღებად, ბუნებრივია, არ უნდა იბეგრებოდეს, ანუ თავად პრინციპი არის სწორი", - განაცხადა კალანდაძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელიუსფლებამ კონცეპტუალური ცვლილების ნაწილში უნდა იჩქაროს. თუმცა როგორც კალანდაძე აცხადებს, საუბარი იმაზე, რომ უცბად გაუქმდეს მოგების გადასახადი, რომელის საშულებითაც, სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 900 მილიონი ლარის შესვლაა დაგეგმილი, ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს პრობლემას შეუქმნის.  "ამ თვალსაზრისით შესაძლოა, გაკეთდეს ისე, რომ მოგების გადასახადი წლების განმავლობაში შევამციროთ, მაგალითად, 3 წლის განმავლობაში 5%-იანი ბიჯით და მეოთხე წლისთვის ქვეყანაში, პრაქტიკულად, ნულოვანი მოგების გადასახადი დაწესდეს, ამასთან, დივიდენდების დაბეგვრის ნაწილში ახალი გადასახადის დაბეგვრის კომპონენტი ამ 3-4 წლის განმავლობაში 5%-იანი ბიჯით გაიზარდოს და დაახლოებით, გაუტოლდეს საშემოსავლო გადასახადს, ეს მეტნაკლებად უმტკივნეულოს გახდის ამ პროცესს თავად ბიუჯეტისთვის", - აცხადებს კალანდაძე.

კითხვაზე - რამდენად რთული იქნება ამის ადმინისტრირება, ლევან კალანდაძის თქმით, გარკვეული დაშვება, ბუნებრივია, არსებობს, თუმცა დღეს საგადასახო სისტემა აღრიცხვა-ანგარიშგების თვალსაზრისით, საკმაოდ მაღალ დონეზეა. "ბუნებრივია, გარკვეული ცვლილებები, მათ შორის პროგრამული უზრუნველყოფის ნაწილში, შემოსავლების სამსახურსა და ფინანასთა სამინისტროს დასჭირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ეს მყისიერად არ უნდა მოხდეს და 3-წლიან პერიოდზე მაინც უნდა იყოს გათვლილი, მგონია, რომ პროგრამული უზრუნველყოფა, როგორც ამ 3-წლიანი პერიოდის თანმდევი პროცესი, მეტნაკლებად უმტკივნეულოდ ჩატარდება", - აღნიშნა ლევან კალანდაძემ.

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაია მოგების გადასახდის გაუქმებას მიესალმება. როგორც ექსპერტმა ბპნ.გე-ს განუცხადა, ესტონური მოდელი მთლიანობაში კომპლექტში უნდა განვიხილოთ. მისი თქმით, მთელი რიგია რეფორმებია გასატარებელი. ეს მარტო მორების გადასახადს არ ეხება, ბევრი სხვა საკითხია მოსაგვარებელი იმისთვის, რომ ზოგადად ესტონურ მოდელზე ვისაუბროთ.  "ეს პირველ რიგში, გულისხმობს სასამართლო სისტემის რეფორმას. ყველაზე მთავარი სუსტი წერტილი საქართველოს ეკონომიკაში არის კერძო საკუთარების უფლება და სასამართლო, რომელიც არანაირ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს დღეს საქართველოში. აქედან გამომდინარე, როცა საუბრობენ ესტონურ მოდელზე, მისი მთავარი წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო რეფორმა ძალიან კარგად გატარდეს", - აღნიშნა ცომაიამ.

რაც შეეხება იმას, რომ მოგების ის ნაწილი, რომელიც რეინვესტირებას მოხმარდება არ დაიბეგრება, აკაკი ცომაია აცხადებს, რომ ამის ადმინისტრირება რთული იქნება."ცოტა რთულია იმის ადმინისტრირება და დადგენა, თუ რა არის გაუნაწილებელი მოგება და რა. სჯობს, მოგების გადასახადი ან შემცირდეს საერთო ჯამში, ან უკეთეს შემთხვევაში - გაუქმდეს", - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

ნათია რუხაძე