„საქართველოს რეპუტაცია არანაირად არ დაზიანდება“ - ეკონომიკის მინისტრი ოფშორების შესახებ კანონზე

ოფშორების შესახებ კანონი იძლევა საშუალებას, ქვეყანაში მოვიზიდოთ უფრო მეტი კაპიტალი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრი მიიჩნევს, რომ ოფშორებში რეგისტრირებული კომპანიებიდან საქართველოში აქტივების გადმოტანის გადასახადებისგან გათავისუფლება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვას.

„ეს არის კანონის მოტივაცია და ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია ისეთი ტიპის გადაწყვეტილებები რომლებიც საგადასახადო შეღავათებს გულისხმობდა და ამა თუ იმ მიმართულების წასახალისებლად. ეს არის სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკა, რომელსაც ვფიქრობ, რომ ქვეყანა წარმატებით ახორციელებს. წინა წლებში ჩვენ საგადასახადო ლიბერალიზაცია მოვახდინეთ ამა თუ იმ მიმართულებით იმისთვის, რომ ჩვენი საინვესტიციო გარემო ყოფილიყო კიდევ უფრო მიმზიდველი. დღეს ვფიქრობ, რომ ეს აბსოლუტურად ადეკვატური კანონია, იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიოში ტენდენციები ასეთია, ნაკლებია ნდობა შეღავათიანი საგადასახადო ქვეყნების მიმართ, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ კარგი შესაძლებლობებია რომ ამ პირობებში მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები და კაპიტალი“, - აღნიშნა დავითაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არის საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებები ერთ პირზე მორგებული, მინისტრი არ აზუსტებს, მაგრამ ამბობს, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა, ვიხილოთ ინიციატივა, რომელიც „მოსახლეობის ფართო მასას“ შეეხება.

„ჩვენ ვსვამთ კითხვას როგორ გადავაქციოთ ქვეყანა საინვესტიციოდ მიმზიდველად, როგორ იყოს ქვეყანა საფინანსო ჰაბი, ვფიქრობ, რომ ეს კანონი აბსოლუტურად თანხვედრაშია იმ მიზანთან, რომელსაც ჩვენ ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში მეტი კაპიტალი და ინვესტიციები შემოვიდეს და ეხმარებოდეს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას. ვფიქრობთ, რომ გვექნება მთავრობის გუნდში ახალი საგადასახადო შეღავათების ინიციატივები, ამაზე ეკონომიკური გუნდი იმსჯელებს და შესაძლოა, საკანონმდებლო ინიციატივებში გადაიზარდოს, რომელიც ეხება მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფსა და ფართო მასებს”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მიაყენებს თუ არა ოფშორების შესახებ კანონი საქართველოს რეპუტაციულ ზიანს, მინისტრი ამბობს, რომ „საქართველოს რეპუტაცია არანაირად არ დაზიანდება, რადგან საქართველოს აქვს კარგად აწყობილი საფინანსო სისტემა, რომელიც თანხვედრაშია საერთაშორისო მოთხოვნებსა და პრინციპებთან“.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვის შემდეგ, საგადასახადო კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები პარასკევს დაამტკიცა. ცვლილები ეხება როგორც ფიზიკური პირებისთვის დავალიანების ჩამოწერას, ასევე ოფშორული ქვეყნებიდან ქონების საქართველოში გადმოტანას.

უფრო კონკრეტულად, ცვლილებების მიხედვით, ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებები და შესაბამისი საურავები ჩამოეწერებათ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, საგადასახადო დავალიანება, რომელიც წარმოშობილია 2021 წლის 1 იანვრამდე, 145 842 ფიზიკურ პირს ერიცხება. საგადასახადო დავალიანების ოდენობა კი, ჯამურად დაახლოებით 591 458 571 ლარს შეადგენს.

რაც შეეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყნებთან დაკავშირებულ ცვლილებას, ცვლილების მიხედვით საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

მერი ტაბატაძე