გაუმჭვირვალე ფულით ფინანსდებოდა მინისტრების წინააღმდეგ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესები - თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის მტკიცებით, 2012 წლიდან დღემდე სხვადასხვა მინისტრის, პრემიერისა და პოლიტიკური პროექტების წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორის მიერ სხვადასხვა პროექტი ფინანსდებოდა.

აღნიშნული კომენტარი მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გააკეთა, თუმცა არ განუმარტავს, კონკრეტულად რა ღონისძიებებზეა საუბარი, ან რომელი მინისტრების დროს განხორციელებულა მსგავსი სახის აქტივობები.

„ხელოვანთა უმრავლესობა დღეს არის ხელოვნებით დაკავებული და არ აკრიტიკებს იმ კანონს, რომელსაც არაფერი არ აქვს რუსული, ეს არის ქართული კანონი - კანონი, რომელიც მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტის გასაძლიერებლად. 2012 წლიდან დღემდე არაერთი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, როდესაც გაუმჭვირვალე ფულით ფინანსდებოდა სხვადასხვა მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, პოლიტიკური პროექტის წინააღმდეგ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესები, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისკენ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრს მიაჩნია, რომ „უცხოური გავლენების შესახებ კანონი“ უნდა მიიღონ.

„ჩემი აზრით, ეს კანონი აუცილებლად უნდა იყოს მიღებული, იმისთვის, რომ არასამთავრობო სექტორი, რომელიც ყველაზე არაგამჭვირვალეა დღეს, გახდეს მეტად გამჭვირვალე და ვიცოდეთ, რაში რა თანხა იხარჯება და რატომ“, - ამბობს წულუკიანი.

შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ უკვე მეორედ ინიცირებული კანონპროექტი „გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

პროექტის მიხედვით, ყველა, ვინც „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტს საკანონმდებლო ორგანოში პირველი მოსმენით უკვე უყარეს კენჭი, მას მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები დედაქალაქსა და რეგიონებში ერთ კვირაზე მეტია მიმდინარეობს. მოქალაქეები კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ.

მერი ტაბატაძე