გაუთანაბრდება თუ არა დოლარი ევროს კურსს - როგორია მოლოდინი

ევროპის ცენტრალური ბანკი ბოლო პერიოდის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთების შემცირებაზე მიგვანიშნებს. სხვა სიტუაციაა Fed-ში, რომელიც დიდი ალბათობით, რეფინანსირების განაკვეთის კლებას არ განიხილავს, რისი მიზეზიც ისედაც მაღალი ინფლაციაა. როგორც „ევრონიუსი“ წერს, ამ მოლოდინს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ Fed-ის მხრიდან მსგავსი ნაბიჯის გადადგმა მეტად გაზრდის საწვავის ფასს, რისგანაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ძალიან დიდი ალბათობით თავს შეიკავებს.

არსებული სურათის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ევროზე წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება და შესაძლოა, ამერიკულ დოლარს სრულად გაუთანაბრდეს. ამ შემთხვევაში საინტერესოა თუ როგორ მოიქცევიან ის ინვესტორები, რომელთაც აქტივები ევროში აქვთ.

ეს რომ მართლაც ასეა, ამაზე გაცვლითი კურსიც მიუთითებს. დღეის მონაცემებით, 1 ევრო 1.064 ამერიკული დოლარის ექვივალენტია და კლებას განაგრძობს (-0,13%). ასეთ დაბალი მაჩვენებელი 6 თვეზე მეტია არ დაფიქსირებულა, ხოლო გასული კვირის 1,7%-იანი კლება ყველაზე უარესი მაჩვენებელია 2022 წლის სექტემბრის შემდეგ.

ამას ემატება ისიც, რომ მაისი ისტორიულად, ბოლო 20 წლის განმავლობაში, ყველაზე ცუდი თვეა ევროსთვის. წლის ამ პერიოდში საშუალო ვარდნა დოლართან მიმართებით, როგორც წესი, 1%-ის ფარგლებშია და გამყარების სიხშირე მინიმალური.

რომ შევაჯამოთ, ბაზრის ანალიტიკოსებისა და ინვესტორების მიერ შემოთავაზებული სცენარი ევროს საკმაოდ რთულ და არასტაბილურ ზაფხულს უწინასწარმეტყველებს. როგორ შეიცვლება გაცვლით კურსი, ეს უახლოეს პერიოდში გამოჩნდება.

მოამზადა თორნიკე მაისაშვილმა