“არ იმოგზაუროთ იქ, სადაც ბევრი რუსი ტურისტია” - ლიეტუვის საგარეო უწყება სარისკო ქვეყნებში საქართველოსაც ასახელებს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, სამოგზაურო მიმართულებების არჩევისას სიფრთხილე გამოიჩინონ და უპირატესობა მიანიჭონ ადგილებს, სადაც ბევრი რუსი ტურისტი არ არის. ინფორმაციას SchengenVisaInfo ავრცელებს.

სამინისტროს კანცლერ ინგა ჩერნიუკის თქმით, ქვეყნებში, რომლებსაც რუსი ტურისტები ხშირად სტუმრობენ, ლიეტუველები კონფლიქტურ სიტუაციებში მოხვედრას რისკავენ, რისი მიზეზიც უკრაინაში ომის შეფასებისას პოლიტიკური განსხვავებებია.

“თუ ევროპული მიმართულების არჩევა შეგიძლიათ, უმჯოებესია, ეს აირჩიოთ,” - მოუწოდებს ჩერნიუკი მოქალაქეებს.

მისი თქმით, ზოგიერთი ქვეყანა ცდილობს “კოჭი გაუგოროს” რუს ტურისტებს, თითქოს, ისინი “სხვაგვარად ფიქრობენ” და უკრაინის ომზე თავიანთი პოზიციის გამო “ნაცრისფერ ზონაში” იმყოფებიან. კერძოდ, კანცლერმა რუსების მიმართ ლოიალურ ქვეყნებად ტაილანდი, თურქეთი და ეგვიპტე დაასახელა, რომლებიც უკრაინის ომთან დაკავშირებით ნეიტრალურ პოზიციას იკავებენ.

„ეგვიპტე, თურქეთი და ტაილანდი სავსეა რუსი ტურისტებით, სადაც ტურისტებს შორის კონფლიქტის დამატებითი რისკები მნიშვნელოვნად გაიზარდა,“ - განმარტავს ჩერნიუკი.

მან, ასევე, აღნიშნა, რომ მსგავსი დაძაბულობა შესაძლოა, ისეთ ქვეყნებში წარმოიშვას, როგორიც საქართველო, მოლდოვა და სომხეთია, სადაც ზოგიერთი საზოგადოება არ იზიარებს „იმ ფასეულობებს, რასაც იზიარებს ლიეტუვა,“ ამან კი შესაძლოა, კონფლიქტები გამოიწვიოს.

ამასთან, კანცლერი აცხადებს, რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით მოსაზრებების ან განცხადებების აქტიურად გამოხატვამ შესაძლოა, ისეთი სერიოზული კონფლიქტიც კი გამოიწვიოს, რომ ტურისტებს საკონსულო დახმარება დასჭირდეთ.

ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას წინ უძღოდა ინციდენტი, რომელიც ლიეტუველ ტურისტთა ჯგუფს ეგვიპტეში შეემთხვა. კერძოდ, ჯგუფი სასტუმროს კარაოკე-საღამოზე „დიდება უკრაინას“ გაიძახოდა, როცა რუსმა ტურისტებმა მათ ჭიქები დაუშინეს. ინციდნეტის შემდეგ ლიეტუველებმა სასტუმრო დატოვეს.

SchengenVisaInfo წერს, რომ ბალიზე რუსი ტურისტები საგზაო მოძრაობის წესების მთავარ დამრღვევებად აღიარეს და მათ ყველაზე მეტი რაოდენობის ჯარიმა აქვთ მიღებული. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, 2023 წლის პირველ კვარტალში უცხოელი ტურისტების მიერ წესების სულ 171 დარღვევა დაფიქსირდა, საიდანაც 56 რუსეთის მოქალაქე იყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ