რას ითვალისწინებს “3-30-300”-ის წესი, რომლითაც საფრანგეთში ხეები დაირგვება

საფრანგეთის ქალაქ ნანტის მერია ხეების დარგვისას ამიერიდან „3-30-300“-ის წესს დაიცავს. შედეგად, ქალაქის ყოველი მცხოვრები თავისი სახლის ან ოფისის ფანჯრიდან 3 ხეს დაინახავს, მისი რაიონის, მინიმუმ, 30% გამწვანებული იქნება, ხოლო სახლიდან თუ ოფისიდან უახლოესი პარკი, დაახლოებით, 300 მეტრში იქნება.

გამწვანების ეს ფორმულა ნიდერლანდელ მკვლევარს ეკუთვნის, მოგვიანებით კი ესპანელი ექსპერტების კვლევამ აჩვენა, რომ როცა „3-30-300“-ის წესი სრულად დაცულია, ეს მოქალაქეების ფსიქიკურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს. კერძოდ, ისინი ნაკლებ ანტიდეპრესანტებსა და დამამშვიდებელ საშუალებებს იღებენ, ასევე, პროფილურ სპეციალისტებსაც ნაკლებად მიმართავენ.

მთლიანიბაში, ევროპაში 2030 წლისთვის 3 მილიარდი ახალი ხე დაირგვება. ეს ევროკავშირს თავისი ამბიციური მიზნის მიღწევაში დაეხმარება, რომ 2030 წლისთვის სითბური გაზების ემისიები, 1990 წელთან შედარებით, 55%-მდე შეამციროს, ხოლო 2050 წლისთვის ე.წ. სითბური გაზების ნულოვან დონეს მიაღწიოს. ამ გეგმით ემისიების მოცულობა იმდენად უნდა შემცირდეს, რომ ატმოსფეროში კი არ დაგროვდეს, არამედ ბუნებამ მთლიანად შთანთქას.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ