სტუდენტები - ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, ჩვენი მოთხოვნაა, ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს თსუ-ში საქმიანობა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, ისინი იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას, რომ თსუ-ს ლექტორს, ირაკლი კობახიძეს უნივერსიტეტში საქმიანობა აეკრძალოს.

ამის შესახებ სტუდენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე განაცხადეს.

სტუდენტების განცხადებით, კობახიძეს არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ მას სტუდენტებთან შეხება ჰქონდეს.

“თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას და ჩვენ შევქმნით პეტიციას. ჩვენი მიზანი და მოთხოვნა იქნება, რომ ირაკლი კობახიძემ აღარ გააგრძელოს თსუ-ში საქმიანობა. მას არ აქვს მორალური და სამართლებრივი უფლება, რომ მას შეხება ჰქონდეს სტუდენტებთან. ჩვენ ვნახეთ როგორი ამაზრზენი ფაქტი მოხდა უნივერსიტეტთან, რა დროსაც სტუდენტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კობახიძის დაცვის წევრები. ჩვენ ვხედავთ პრორუსულ პოლიტიკას, რომელსაც მთავრობა ატარებს. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ უნივერსიტეტის რექტორი, ჯაბა სამუშია არ გაითვალისწინებს ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ საზოგადოებას გავაგებინოთ, რომ თსუ-ს სტუდენტებს არ გვსურს ირაკლი კობახიძემ გააგრძელოს საქმიანობა. პეტიციის გამართვა დაიწყება ხვალიდან. ჩვენ ჩავატარებთ კამპანიას”, - განაცხადეს სტუდენტებმა.

სტუდენტებმა თსუ-ს უნივერსიტეტის პირველი კორპუსის აუდიტორიებში შესვლაც სცადეს, რისი უფლება უნივერსიტეტის დაცვამ არ მისცა, დაცვამ აქციის მონაწილეებისთვის შესასვლელი კარი ჩაკეტა. შეკრებილების მიზანი იყო ლექციებზე შესვლა და სტუდენტებისთვის მოწოდება, პროტესტს შეერთებოდნენ.

სტუდენტები სკანდირებდნენ: “მშიშრებო, მშიშრებო!”, რის შემდეგაც ახალგაზრდებმა უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან გადაინაცვლეს. სტუდენტები შევიდნენ იმ აუდიტორიაში, სადაც პერმიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შაბათობით ლექციებს ატარებს. მათ აუდიტორიაში დაფასთან წარწერები დატოვეს: “დაგველაპარაკე სტუდენტებს, მონა!”ბატონო მონა!”.