მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1,3 მლნ ლარზე მეტია გაწერილი - ვინ რამდენს აიღებს

„საქართველოს სასამართლო გუშაგის“ ინფორმაციით, აპრილში მოსამართლეების სახელფასო დანამატებისთვის 1 322 300 ლარზე მეტია გაწერილი. კერძოდ:

  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე (2) - 11 600 ლარი
  • სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე (1) – 5 600 ლარი
  • სააპელაციო სასამართლოს პალატის თავმჯდომარე (3) – 15 900 ლარი
  • სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე (79) – 395 000 ლარი
  • რაიონული სასამართლო თავმჯდომარე (22) -101 200 ლარი
  • რაიონული სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე (3) – 12 900 ლარი
  • რაიონული სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრი მოსამართლე (195) – 792 000 ლარი

„იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2024 წლის 17 აპრილის სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის დანამატების განსაზღვრის შესახებ. კერძოდ, მიმდინარე წლის აპრილში პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს ყველა მოსამართლე, მოქმედ ყოველთვიურ დანამატთან ერთად, დანამატის სახით მიიღებს თანამდებობრივი სარგოს 100%-ს.

მოსამართლეთა შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსა და დანამატისგან. მოსამართლეთა თანამდებობრივ სარგოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 69-ე მუხლი განსაზღვრავს, ხოლო დანამატებს - იუსტიციის უმაღლესი საბჭო. აღსანიშნავია, რომ დანამატების ოდენობა ან მისი განმსაზღვრელი კრიტერიუმები კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შეუძლია, ნებისმიერი ოდენობის დანამატი გასცეს მოსამართლეებზე.

მოსამართლეთა შრომის ანაზღაურების წესის გაუმჭვირვალობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ფართო დისკრეციას ანიჭებს, რაც, თავის მხრივ, მოსამართლეზე გავლენის მოხდენის რისკს ზრდის. ამჯერადაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, თავისი ფართო უფლებამოსილების ფარგლებში, აპრილის თვეში განსაზღვრა დანამატი, რომლითაც, ფაქტობრივად, მოსამართლეების თანამდებობრივი სარგო გააორმაგა”, - აღნიშნულია განცხადებაში.

მერი ტაბატაძე