"ჩვენი დიდი სურვილია, მოგების გადასახადის კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ"

ჩვენი დიდი სურვილია, რომ მოგების გადასახადის კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მოგების გადასახადთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს. "მოგების გადასახადზე ვმუშაობთ. ჯერ მზად არ ვართ, რომ წარვადგინოთ კანონპროექტი, თუმცა ჩვენი დიდი სურვილია, ამ კუთხით მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია გავაკეთოთ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბიზნესმენები ხელისუფლებისგან მოგების გადასახადის გაუქმებას ითხოვენ. არსებული ინფორმაციით, მთავრობა აღნიშნულთან დაკავშირებით ე.წ. ესტონურ მოდელს განიხილავს და ზუსტი საგზაო რუკა სექტემბრისთვის იქნება წარმოდგენილი.

კვირიკაშვილმა ტურიზმის დინამიკაზეც ისაუბრა. კითხვაზე, როგორი პროგნოზები აქვს ხელისუფლებას ტურიზმთან დაკავშირებით, კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ყოველთვიური ზრდის პროგნოზი რთულია.  "ყოველთვიური ზრდის პროგნოზირება რთულია. დინამიკა ძალიან დადებითია ტურიზმში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.