ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ საჩივრების 28% დააკმაყოფილა - როგორია სტატისტიკა

ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭომ საჩივრების 28% დააკმაყოფილა - ამის შესახებ აღნიშნულია უწყების 2023 წლის ანგარიშში.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით 2023 წელის ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში სულ 2 872 საჩივარი შევიდა, რაც წინა წელთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია. 2022 წელს საბჭოში 2 796 განაცხადი დაფიქსირდა.

შესული 2 872 საჩივრიდან, საბჭომ გადაწყვეტილება 2 415 საქმეზე მიიღო. მიღებული გადაწყვეტილებებით სრულად და ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 684 საჩივარი (28%), 1 438 მომჩივანს უარი ეთქვა (60%), ხოლო 293 საჩივარი (12%) განუხილველი დარჩა მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის დარღვევის ან დავის შეწყვეტის გამო.

ანგარიშის მიხედვით, განხილული საჩივრებიდან უმეტესი ნაწილი წარმოდგენილი იყო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებების და ფიზიკური პირების (მათ შორის ინდივიდუალური მეწარმეების) მიერ. უფრო კონკრეტულად, საჩივრებში შპს-ების წილი იყო 63%; სს-ს წილი - 3%; ინდ. მეწარმე და ფიზიკური პირების - 33%.

სადავო თანხამ შეადგინა 1 055 მილიონი ლარი. ამასთან, საანგარიშო პერიოდში დავების განხილვის საბჭოს 73 სხდომა გაიმართა.

ცნობისათვის, დავების განხილვის საბჭო წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული საგადასახადო დავების განმხილველ ორგანოს. სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავა ორეტაპიანია და იწყება საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით, ხოლო არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში მომჩივანს უფლება აქვს შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება გაასაჩივროს დავების განხილვის საბჭოში. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს.