ნიუ-იორკის ბირჟა შესაძლოა, 24-საათიან ვაჭრობაზე გადავიდეს

ნიუ-იორკის ბირჟა (NYSE) ვაჭრობის 24 საათამდე გაზრდის ვარიანტს მას შემდეგ სწავლობს, რაც სტარტაპ 4 Exchange-მა წარადგინა განაცხადი მსოფლიოში პირველი 24-საათიანი სავაჭრო ბირჟის შექმნის შესახებ. ინფორმაციას Financial Times (FT) ავრცელებს.

კერძოდ, NYSE-ის ანალიტურმა განყოფილებამ ბირჟაზე 24-საათიანი ვაჭრობის შესახებ ტრეიდერების გამოკითხვა ჩაუშვა, რამაც გიგანტი კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ღამის 20:00-დან 04:00 საათამდე ვაჭრობის შესაძლებლობის მიმართ ინვესტორების მზარდი ინტერესი გამოავლინა.

FT წერს, რომ ზოგიერთი ბროკერი, მათ შორის, Robinhood და Interactive Brokers კლიენტებს სამუშაო დღეებში ამერიკული აქციებით ვაჭრობაზე 24-საათიან წვდომას უკვე სთავაზობს. ასეთი ტრანზაქციები უფრო არასაბირჟო პლატფორმებზე მიმდინარეობს, როგორიც არის Blue Ocean, სადაც ხშირად აზიელი საცალო ინვესტორები ვაჭრობენ.

NYSE-ის გამოკითხვის მონაწილეებს უნდა ეპასუხათ, უნდა გაიმართოს თუ არა 24-საათიანი ვაჭრობა შაბათ-კვირასაც, როგორ იქნებიან დაცული ინვესტორები ფასების რყევებისგან და როგორ უზრუნველყოფს ბირჟა ღამის საათებში პერსონალის მუშაობას. მაგალითად, ერთ-ერთი კითხვა ასეც ჟღერდა: “ეთანხმებით თუ არა, რომ ღამის ვაჭრობაზე ფიქრში დახარჯული დრო უკეთესია, ძირითად საათებში ვაჭრობაზე დაიხარჯოს.”

პირველი 24-საათიანი ბირჟის შექმნაზე სტარტაპი, 24 Exchange პრეტენდენტობს, რომელსაც სტივ კოენის ჰეჯფონდი, Point72 აფინანსებს. მანამდე კომპანიის ანალოგიური განაცხადი ოპერატიულ-ტექნიკური პრობლემების გამო უკან გაიწვიეს, ხოლო ახალი განაცხადის განხილვის ვადა რამდენიმე თვეს მოიცავს.

გამოცემის ცნობით, კომიტეტმა, რომელიც კოტირების შემაჯამებელ ლენტს კურირებს, 24-საათიან ვაჭრობაზე გადასვლის საკითხზე მსჯელობა უკვე დაიწყო. მათ შორის, განიხილება, თუ ვინ აიღებს საკუთარ თავზე ამასთან დაკავშირებულ ხარჯს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ