"აქ ყაზახი ტურისტები უყვართ და მათ მთელი წლის მანძილზე ელიან"- ყაზახური მედია აჭარით დაინტერესდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზახური მედია აჭარით დაინტერესდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ყაზახეთის მე-7 არხმა აჭარასა და ბათუმს ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა.  "აქ ყაზახი ტურისტები უყვართ და მათ მთელი წლის მანძილზე ელიან", - აცხადებს ყაზახეთის მე-7 არხის წამყვანი.

დეპარტამენტის ინფორმაციით, სიუჟეტში ჟურნალისტი მაყურებელს აჭარის მთის, ჩანჩქერების, ზღვისა და უნიკალური ღირშესანიშნაობების მიმზიდველობაზე ესაუბრება და რეგიონს არა მარტო ზაფხულში, არამედ წლის ნებისმიერ სეზონზე საინტერესო ტურისტულ დესტინაციად მიიჩნევს. უგემრიელესი აჭარული ხაჭაპურის დაგემოვნებასთან ერთად ჟურნალისტი მაყურებელს მთიან აჭარაში სტუმრობასაც ურჩევს. "აჭარაში სასტუმროების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს, უმჯობესდება სერვისი. აქ თავს უსაფრთხოდ გრძნობ, რადგან საქართველოში მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პოლიცია და კეთილგანწყობილი ხალხია..."

დეპარტამენტის განცხადებით, აჭარის პოპულარიზაციას მიეძღვნა ასევე ორი ვრცელი სიუჟეტი ყაზახეთის 1 არხის ნაციონალური ტელევიზიის გადაცემებში, სადაც ჟურნალისტები მაყურებელს თავიანთ შთაბეჭდილებებს უზიარებენ და არდადეგების გატარებას ბათუმში ურჩევენ.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ტელევიზიების გადამღები ჯგუფები ბათუმში 11-15 მაისს, მედია ტურის ფარგლებში აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მოწვევით იმყოფებოდნენ. გარდა სატელევიზიო სიუჟეტებისა, ზაფხულის ცხელ სეზონამდე უკვე გამოქვეყნდა სტატიები ყაზახეთის წამყვან ბეჭდურ და ონლაინ მედიაში.