დუმის კომიტეტი საქართველოში რუს რელოკანტებს “გამჭვირვალობის” კანონპროექტის გაპროტესტებას უკრძალავს

სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარე, ვასილი პისკარევი საქართველოში მყოფ რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციებში მონაწილეობა არ მიიღონ. ამის შესახებ პისკარევი თავის Telegram-არხზე წერს.

“საქართველოში უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ გამართულ ქუჩის საპროტესტო აქციებში თავიანთი მასიურ მონაწილეობის გამო რუსეთიდან რელოკანტები ამ დღეებში ყოყოჩობენ,” - წერს პისკარევი.

მისი თქმით, ასეთი ქცევა „გასაკვირი არ არის,” რადგან „თბილისის ქუჩის აქციებში ხალხმრავლობის შესაქმნელად „ფერადი“ რევოლუციების დასავლელი სპეციალისტები რუსეთში აპრობირებულ აქტივსაც იზიდავენ.”

„მე ვურჩევ, რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავს ქმედებებში მონაწილეობისგან. არ არის საჭირო, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა ბოროტად გამოიყენოთ და იქცეთ ინსტრუმენტად გარე ძალების ხელში, რომლებიც სუვერენულ საქართველოში სიტუაციის დესტაბილიზაციას ცდილობენ,” - წერს პისკარევი.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ