სექტორები, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია - Forbes-ის რეიტინგი

საფინანსო სექტორში მუშაობა, როგორიც პირდაპირი ინვესტიციები, ჰეჯ-ფონდები თუ ვენჩურული კაპიტალია, გამდიდრების ყველაზე გავრცელებული გზაა. Forbes წერს, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები სწორედ ამ გზით გამდიდრდნენ.

გამოცემის მონაცემებით, ფაქტობრივად, ყოველმა მეექვსე მილიარდერმა, ანუ მსოფლიოში მათი რაოდენობის 15%-ზე ოდნავ მეტმა ფული ფინანსებსა და ინვესტიციებში გამოიმუშავა.

ასევე, ტექნოლოგიები, Forbes-ის შეფასებით, მდიდრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი “ბეღელია.”

„ტექნოლოგიებმა 342 მილიარდერი გააჩინა, ანუ 29-ით მეტი, ვიდრე გასულ წელს იყო, რაც მას მილიარდერებს შორის მეორე ყველაზე პოპულარულ ინდუსტრიად აქცევს,” - წერს Forbes.

ამ კატეგორიის მილიარდერებს შორის ჯეფ ბეზოსი და მარკ ცუკერბერგი გამოირჩევა, ხოლო ილონ მასკი Forbes-მა ავტოინდუსტრიის კატეგორიაში შეიყვანა.

Forbes-ის მონაცემებით, საწარმოო ბიზნესმა, ასევე, ზღაპრული სიმდიდრე მოუტანა 328 მილიარდერს, ხოლო მეოთხე ადგილზე 285 მილიარდერით მოდა და საცალო ვაჭრობაა. ამ სიის ლიდერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ფრანგი ბერნარ არნოა, რომელიც ისეთ მდიდრულ ბრენდებს ფლობს, როგორიც Christian Dior და Louis Vuitton-ია. მისი ქონება 210 მლრდ ევროს აჭარბებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ