ევროპაში ცხელი ამინდების შედეგად სიკვდილიანობა იზრდება

ბოლო ორ ათწლეულში ევროპაში ცხელი ამინდის შედეგად სიკვდილიანობა, დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა. ამის შესახებ გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს, კერძოდ, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციისა (WMO) და კლიმატის ცვლილების ევროპული სამსახურის, “კოპერნიკის” ერთობლივ ანგარიშში წერია.

ცხელი ამინდის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ევროპის რეგიონების 94%-ში გაიზარდა, სადაც მონიტორინგი ტარდება.

ანგარიშის მიხედვით, 2023 წელს დაფიქსირდა დღეების რეკორდული რაოდენობა, როცა 46 გრადუს ცელსიუს ტემპერატურის შედეგად „ექსტრემალური სითბური სტრესი“ გამოვლინდა.

2023 წელი ევროპაში, შეფასების მონაცემებთა ნაკრების მიხედვით, ყველაზე თბილი ან მეორე ყველაზე თბილი წელი იყო მონიტორინგის მთელი ისტორიის განმავლობაში. ტემპერატურა 11 თვის განმავლობაში საშუალოზე მაღალი, მათ შორის, რეკორდულად თბილი სექტემბერი დაფიქსირდა. 2023 წელს ევროპაში საშუალო ტემპერატურა საშუალოზე 1,02-დან 1,12 გრადუსით მეტი იყო.

ზოგადად, კვლევის მიხედვით, ექსტრემალური ამინდისა და კლიმატური მოვლენების გამო ჯანმრთელობის არასასურველი შედეგების რაოდენობა იზრდება. წინასწარი შეფასებით, გასულ წელს ევროპაში ქარიშხლის გამო 63, ხოლო წყალდიდობისა და ტყის ხანძრების შედეგად თანაბრად 44 ადამიანი დაიღუპა.

უამინდობისა და კლიმატის ეკონომიკური ზარალი 2023 წელს 13,4 მლრდ ევროზე მეტად შეფასდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ