„20 კომპანია არის ოფშორში, რომელსაც საქართველოში აქვს 100-მდე შვილობილი კომპანია“

„ჩვენ 20-ზე მეტი კომპანია გვაქვს იდენტიფიცირებული, რომ ის ბიზნესს აკეთებს ოფშორებიდან. 20 კომპანია არის ოფშორში, რომელსაც საქართველოში აქვს 100-მდე შვილობილი კომპანია“,- ამის შესახებ საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა კიდეც. პროექტის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ, ოფშორული ქვეყნებიდან ქონების საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათები წესდება.

პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.

„ადამიანების გარკვეულ ჯგუფს არ აქვს პრობლემა გამოჩნდნენ, რომ საქართველოში არიან ამ აქტივების მფლობელი. იგივე ბიძინა ივანიშვილი, სხვათა შორის, ის არ მალავს, რომ ოფშორში აქვს ქონებები, სხვა ვიღაცებისგან განსხვავებით. ჩვენ 20-ზე მეტი კომპანია გვაქვს იდენტიფიცირებული, რომ ის ბიზნესს აკეთებს ოფშორებიდან. 20 კომპანია არის ოფშორში, რომელსაც საქართველოში აქვს 100-მდე შვილობილი კომპანია, ყველას 1 ლარს ახარჯებს, ყველაფერი ოფშორული კომპანიების გავლენის ქვეშ არის. სამწუხაროდ, ჩვენთან არ არის ისეთი პოლიტიკური კულტურა, როგორც ევროპაში, რომ გაუგონ პოლიტიკოსს ოფშორებთან კავშირშია და მისი პოლიტიკური კარიერა დასრულდეს. როგორც ჩანს, მოსახლეობას ეს ნაკლებად აინტერესებს. ღიად არის დამოკიდებულ ოფშორებზე და ეს კითხვა რჩება, რატომ ხარ ოფშორებზე, რატომ არ გქონდა აქამდე ეს ფული ბოლომდე საქართველოში ჩამოტანილი და ა.შ.“,- განაცხადა ბესო ნამჩავაძემ.

მისი თქმით, ოფშორებიდან საქართველოში დაფუძნებული შვილობილი კომპანიების მთავარი ხიბლი სწორედ გაუმჭვირვალობა და შემდეგ უკვე საგადასახადო შეღავათებია.

„იქ რამდენი ფული აქვს, კაცმა არ იცის, რა ფულით დაფუძნდა ეს კომპანიები ოფშორებში, და ასევე, დაბალი გადასახადები“,- ამბობს ბესო ნამჩავაძე.

ნინი ქეთელაური