საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა

საქართველოში პირველი მოტივტივე მზის ელექტროსადგური გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგოპლატფორმა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით,გარდაბნის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლემშვენიერაში განხორციელებული საპილოტე პროექტის მიერ ყოველწლიურად გამომუშავებული ენერგია 300 000 კვტ.სთ-ს აღწევს, რაც ხარჯებს, წლიურად, 32 400 აშშ დოლარით შეამცირებს.

"USAID მხარს უჭერს საქართველოში განახლებადი ენერგიისა და ენერგო ეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას კერძო სექტორის ჩართულობის გზით, რაც ტექნოლოგიური ინოვაციებისა და დაფინანსების ახალი მიდგომების წახალისებას ისახავს მიზნად.

USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა საქართველოში (შემდგომში, პროგრამა) საპილოტე პროექტების მეშვეობით, მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერას, რათა მათ განახლებადი ენერგორესურსებით, ინოვაციური და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, მოთხოვნის მხარის მართვისა და ენერგეტიკის მართვის სისტემების გამოყენებით განახორციელონ საპილოტე პროექტები.

ამ ინიციატივის ფარგლებში, 23 აპრილს, საქართველოში პირველი 216 კვტ. სიმძლავრის მოტივტივე მზის ელექტროსადგურის გახსნას ოფიციალურად ავღნიშნავთ. მოცემული საპილოტე პროექტი ყოველწლიურად 300 000 კვტ. სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს, რაც ყოველწლიურად დაახლოებით 32, 400 აშშ დოლარის დანაზოგს უზრუნველყოფს. შედეგად, აგრო იმპექსის ქსელური ელექტროენერგიის მოხმარება 38%-ით შემცირდება.

216 კვტ მოტივტივე მზის ელექტროსადგური სათბურის აირების წლიურ გაფრქვევას (ემისიას) 31,200 კგ. CO2 ექვივალენტით შეამცირებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.

„ენერგოპლატფორმის" ცნობით, პროექტის საერთო საინვესტიციო ღირებულება 177 000 აშშ დოლარს შეადგენს: "მათ შორის, USAID-ის ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამის თანამონაწილეობა 48%, 85 000 აშშ დოლარია, ხოლო აგრო იმპექსის მიერ, თიბისი ბანკის აგრო სესხის მეშვეობით, დაფინანსდა პროექტის 52%, რაც 92 000 აშშ დოლარის ექვივალენტია",- ნათქვამია "ბიზნესპრესნიუსისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

ნინი ქეთელაური