"უცხოური ინვესტიციების მოცულობა კატასტროფულად შემცირდა"

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ინვესტიციების მოცულობა 34%-ით შემცირდა, რაც კატასტროფული ვარდნაა, - აღნიშნული განცხადება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წარმომადგენელმა, ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა.

ჯაფარიძის განმარტებით, ჯამში ინვესტიციების მოცულობამ 175 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოს ამაზე დაბალი მაჩვენებელი პირველ კვარტალში 2009-2010 წლებში - აგვისტოს ომის შემდგომ პერიოდში ჰქონდა. დეპუტატის შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო, ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი, ექსპორტის ვარდნასთან ერთად, შემოსული ინვესტიციების მკვეთრი ვარდნა აღმოჩნდა.

მისივე თქმით, ინვესტიციების ასეთი ვარდნა ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა კიდევ უფრო შენელდება, დაიკარგება ათასობით სამუშაო ადგილი, ეროვნული ვალუტის - ლარის სტაბილურობას კვლავ შეექმნება საფრთხე, შემცირდება ოჯახების შემოსავლები და კვლავ პრობლემები შეექმნება სახელმწიფო ბიუჯეტს. "ეს არის სამწუხარო შედეგები "ქართული ოცნების" 2.5 წლიანი მმართველობის და ივანიშვილის მთავრობის სრულიად გაუაზრებელი ეკონომიკური პოლიტიკის. ასეთი პრობლემების ფონზეც კი, მთავრობა უკვე მე-6 თვეა ვერ ახერხებს პარლამენტში სეკვესტრირებული ბიუჯეტის შემოტანას, რაც ნიშნავს მხოლოდ ერთს - 2015 წლის მეორე ნახევარი იქნება კიდევ უფრო რთული, ვიდრე იყო პირველი ნახევარი. ახლა უაღრესად მნიშვნელოვანია, ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად დაიბრუნოს საინვესტიციო მიმზიდველობა. ამისათვის აუცილებელია ეკონომიკური გარემო გახდეს უფრო პროგნოზირებადი და უფრო მიმზიდველი ინვესტიციებისთვის", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ლარის არასტაბილურობის ფონზე, აუცილებელია ქვეყანაში დაშვებულ იქნას თავისუფალი სავალუტო რეჟიმი და პოტენციურ ინვესტორებს მიეცეთ საშუალება, საქართველოში აწარმოონ ბიზნესი და დაასაქმონ საქართველოს მოქალაქეები იმ ვალუტაში, რომელიც მათთვის უფრო ხელსაყრელია. როგორც ჯაფარიძე აცხადებს, უნდა შემცირდეს მთავრობის ხარჯები, დაიწიოს გადასახადები და გამარტივდეს საგადასახადო ადმინისტრირება. მისი თქმით, "ახალ პოლიტიკურ ცენტრს" უკვე მზად აქვს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოგების გადასახადის გაუქმებასა და საშემოსავლო გადასახადის 15%-მდე შემცირებას გულისხმობს.  "ეს არის ერთადერთი სწორი გზა იმისათვის, რომ ქვეყანამ დაიწყოს ეკონომიკური აღმასვლა", - დასძინა ჯაფარიძემ.