„მონოპოლიურ ფასებს აწესებენ - არც განიხილავენ, რომ ქართული პროდუქცია შევიდეს ქსელურ მარკეტებში“

„რითეილ სექტორს შიდა კორუფცია აქვს გარკვეულ პოზიციებზე“, - ასე ეხმაურება „ბიზნესპრესნიუსთან“ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტი ვახტანგ ბეჟიტაშვილი სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასნამატებს.

„ბიზნესპრესნიუსთან“ ფერმერები საუბრობენ იმის შესახებ, რომ მათ მოყვანილ მოსავალს ფასი არ აქვს, მაშინ როცა ფერმერებისგან შეძენილი ხილ-ბოსტნეული, მარცვლეული თუ სხვა სახის პროდუქცია გადამყიდველებთან საკმაოდ დიდი ფასნამატით იყიდება (ხშირად 4-5-ჯერ უფრო ძვირადაც კი). გარდა ამისა, ქსელურ მარკეტებში მათთვის სივრცე, უმეტესად, არ არსებობს.

როგორც ვახტანგ ბეჟიტაშვილი აღნიშნავს, ქსელური მარკეტები ძირითადად უპირატესობას ანიჭებენ იმპორტულ პროდუქციას და ქართული წარმოების პროდუქციისთვის ქსელებში მცირე სივრცე არსებობს.

„ქსელებში ძალიან მცირე სეგმენტი არსებობს ღია, სადაც ქართველ ფერმერს აქვს წვდომა. ხშირ შემთხვევაში მონოპოლიურ ფასებს აწესებენ, ქართულ პროდუქციას არც განიხილავენ, რომ შევიდეს ქსელებში“, - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

გარდა ამისა, მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადგილობრივი ფერმერი რითეილ სექტორს მისაღებ ფასს სთავაზობს, გადაწყვეტილება მაინც „შიდა კორუფციულად“ მიიღება.

„რითეილ სექტორს შიდა კორუფცია აქვს გარკვეულ პოზიციებზე, სულ რომ ფერმერს კარგი ფასი ჰქონდეს, შიდა დონეზე ვინც ხარისხისა და პროდუქციის მიღებას აკონტროლებს, მათი გადაწყვეტილების შედეგად ხდება საკითხის გადაჭრა. უმეტესად იმპორტული პროდუქცია შეაქვთ ქსელებში და ჩვენი ფერმერი ამ შემთხვევაში რჩება დაზარალებული“, - აღნიშნა ბეჟიტაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ქართველი ფერმერებისთვის ქსელური სუპერმარკეტები უმეტესად ჩაკეტილია. ფასებთან მიმართებაში კი მონოპოლია აქვთ.

„ქსელებს აქვთ მონოპოლია, ჩაკეტილი სისტემაა და ეს ფერმერების სასიკეთოდ არ მუშაობს, ეს არის პრობლემა, რომელსაც მუშაობა სჭირდება როგორც კერძო სექტორიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდანაც. მასტიმულირებელი ღონისძიებები უნდა გატარდეს, რათა ქართული პროდუქცია იყოს სრულფასოვნად ჯერ შიდა ბაზარზე ათვისებული და შემდეგ ექსპორტზე გასული“, - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ აქვთ ფერმერებს მეტი საშუალება, წარმოადგინონ საკუთარი პროდუქცია ქსელებში, ბეჟიტაშვილი გვპასუხობს, რომ ნდობის მომენტი აქვთ დაკარგული ადგილობრივი ფერმერების მიმართ.

რიტეილ სექტორს სჭირდება სტაბილური მიმწოდებელი, საქართველოში კი არაერთი პრობლემის გამო, ფერმერები სტაბილურ მიწოდებას ვერ უზრუნველყოფენ.

„ქართველ ფერმერს ხშირ შემთხვევაში რაოდენობებისა და შესანახი პირობების არქონის გამო, მცირე რაოდენობის გასაღება უწევს ღია ბაზრებზე. ძირითადად გვაქვს დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთები, ფერმერებს დიდი რაოდენობით მიწებზე ხელი არ მიუწვდებათ, მსხვილმასშტაბიანი მეურნეობები ძალიან ცოტაა. ამიტომ, ფერმერი თავის მცირე მოსავალთან ერთად რჩება, საკოლმეურნეობო ბაზრებს რომ ეძახდნენ, ასეთი ტიპის ბაზრებზე - სხვა გამოსავალი არ აქვს“, - განაცხადა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით კომპლექსურად არის სამუშაო. საჭიროა, რომ ფერმერული მეურნეობები გამსხვილდეს, მიწის რეგისტრაციის პრობლემა მოგვარდეს და რითეილ სექტორთან რაიმე სახის შეთანხმება მიიღწეს, მაგალითად, იმგვარი, რომ ფერმერი მათ 1 თვის განმავლობაში სტაბილურად მიაწვდის რომელიმე პროდუქტს.

მერი ტაბატაძე