კარგ საქმეებს რად უნდა დამალვა და კარგი საქმე როდესაც გამოჩნდება, შემდეგ ეს, როგორ შეიძლება ვინმემ ნეგატიურად დაინახოს? - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გურიაში განუცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე.
ამასთან, პაპუაშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა სწორედ უცხოური დახმარებით და აქ, ამერიკას და ევროპას გულისხმობს.
„თუკი ვინმეს აქვს გარკვეული წუხილი და ამ შემთხვევაში, წუხილია ის, რომ უცხოეთიდან არის დაფინანსებული ესა თუ ის ღონისძიება და ამის ნეგატიურად წარმოჩენა შეიძლება ნეგატიური კონტექსტით იყოს დანახული, ამას არ დავეთანხმები იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ კუნძული, არ ვართ ცალკე აღებული კუნძულოვანი სახელმწიფო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ევროპული ოჯახის ნაწილი, სადაც ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებით, ასევე სხვა ქვეყნებიც გვეხმარებიან ჩვენ და ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელებულა სწორედ უცხოური დახმარებით, ამერიკას და ევროპას ვგულისხმობ.
რა არის დასამალი? კარგ საქმეებს რად უნდა დამალვა და კარგი საქმე როდესაც გამოჩნდება, შემდეგ ეს, როგორ შეიძლება ვინმე ნეგატიურად დაინახოს? თუკი იქნება ორგანიზაცია, რომელიც ზრუნავს თუნდაც კულტურული მემკვიდრეობის განვითარებაზე, ფერმერების დახმარებაზე, შშმ პირების დახმარებაზე და სხვა ამ მიმართულებებზე და როდესაც ცნობილი იქნება, რომ ეს ღონისძიება ხორციელდება უცხოური ძალის დახმარებით, რა არის ამაში დასამალი, რა არის ამაში ცუდი, სათაკილო? ეს ვერ გამიგია და პირიქით, საქმე იმაში არის, რომ ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან ის ძალები, რომლებიც ჩუმად ახორციელებენ პროექტებს, რომელიც ძირს უთხრის ჩვენ სახელმწიფოებრიობას, ჩვენ კულტურას, ტრადიციებს, ქართველი ხალხის ინტერესებს. ამიტომ, თუკი ვინმეს წუხილი აქვს, როგორც ქალბატონ ნაირას (გელაშვილს) იმაზე, რომ ამან შეიძლება ნეგატიური გავლენა მოახდინოს, ვერ დავეთანხმები. ერთია, როგორც ჩანს ვთანხმდებით იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის მნიშვნელოვანი. როდესაც შემოდის უცხოური ფული, გურიაში რომ დაიხარჯება, ხალხმა უნდა იცოდეს, რა საკითხებს მოხმარდება", -განაცხადა პაპუაშვილმა.