საქართველოში ამ დროისთვის 21 იახტა არის გაყიდული - ამის შესახებ „რამზეს იახტს“-ის დამფუძნებელმა გიორგი ჩიკვაიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველაზე ძვირად ღირებული შეკვეთა 2023 წელს მიიღო და ის 2025 წლის მაისში უნდა ჩააბაროს.
„2023 წელს მივიღეთ ერთი ძალიან დიდი პროექტი, 36-მეტრიანი და 4-სართულიანი იახტა, რომელსაც 2025 წლის მაისში ვაბარებთ. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული პროექტი, რაც გვქონია ჩვენი არსებობის განმავლობაში და ამ იახტის ღირებულება 17 მლნ დოლარია“ - აცხადებს გიორგი ჩიკვაიძე.
„რამზეს იახტს“-ის დამფუძნებლის თქმით, გასულ წელს მათ 2 მცირე ზომის იახტა გაყიდეს.
"ჯამში, 2017 წლიდან 21 იახტა გვაქვს გაყიდული და ყველა დამკვეთი არის ქართველი".
გიორგი ჩიკვაიძის თქმით, გასულ წელთან შედარებით, იახტების მოთხოვნაზე კლება შეინიშნება.
„ჩვენი ანალიზით კლება 20-25%-ს შეადგენს და მე ვფიქრობ, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ტურისტული ნაკადის კლებასთან“.
ცნობისათვის, კომპანია საქართველოში 2017 წლიდან ოპერირებს.