„თბილისში სეისმურმა აქტივობამ მოიმატა“ - რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი კორპუსები

დედაქალაქში სეისმურმა აქტივობამ მოიმატა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან” თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფის ერთ-ერთი ხელმძღვანელი მერაბ ბოლქვაძე აცხადებს.

კითხვაზე, არის თუ არა მზად დედაქალაქში არსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობები, ხიდები თუ სხვა სახის კონსტრუქციები მომატებული სეისმური აქტივობისთვის, არქიტექტორი გვპასუხობს, რომ აღნიშნულის შესახებ შესაბამისი ანალიზი უნდა ჩატარდეს და შემდეგ მომზადდეს შესაბამისი დასკვნები.

„5 წლის წინანდელი დასკვნა ახლა არ ვარგა, იმიტომ, რომ შესაძლოა, პირობები შეიცვალოს. შესაბამისად, თუ რაიმე პრობლემური არეალია და თბილისში ასეთი ბევრია, მასზე ჩვენი კონსტრუქტორების მიერ, რომლებიც საკმაოდ გამოცდილები გვყავს, ექსპერტიზა უნდა დაიწეროს და განისაზღვროს, რა ღონისძიებებია გასაკეთებელი, ეს იქნება გამაგრება, კვლევა, ან შეიძლება ისე იყოს მდგომარეობა, რომ ინგრეოდეს“, - გვპასუხობს მერაბ ბოლქვაძე.

როგორც არქიტექტორი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, გენ. გეგმაზე მუშაობისას გამოიკვეთა, რომ თბილისში 500-ზე მეტი ე.წ ხრუშჩოვკაა. ბოლქვაძის თქმით, მათგან ყველაზე მძიმე მდგომარეობა ვარკეთილის მესამე მასივის გასასვლელშია.

„ვარკეთილის მესამე მასივში რამდენიმე ინგრევა და რამდენიმე დაინგრა, იქ სასწრაფოდ არის ჩანაცვლება გასაკეთებელი. ვარკეთილის მესამე მასივში გამოსასვლელი მთლიანად ინგრევა. თუ არეალების მიხედვით შევხედავთ, პირველი სასწრაფო გახლავთ ვარკეთილის მესამე მასივი. ე.წ ხრუშჩოვკებზე რომ იყო ლაპარაკი, გენერალური გეგმის მომზადების დროს დავითვალე და 500-ზე მეტი ხრუშჩოვკაა თბილისში“, - აღნიშნავს მერაბ ბოლქვაძე.

როგორც ბოლქვაძე აღნიშნავს, საბურთალოსა და ვაჟა-ფშაველაზე არსებულ „ხრუშჩოვკებში“ გეოლოგიური თვალსაზრისით შედარებით კარგი მდგომარეობაა.

„არ იქნება იმის თქმა სწორი, რომ იმ 500-დან ყველა ხრუშჩოვკა დასანგრევია, რადგან მაგალითად, ვაჟა ფშაველას კვარტალში კარგი გეოლოგიური პირობებია და კორპუსები კარგად არის შემორჩენილი. ამჟამად ავარიული მდგომარეობა საბურთალოს ხრუშჩოვკებში არ არის. შეიძლება ანალიზი და შესწავლა გაკეთდეს, რათა მზად ვიყოთ, რადგან რაღაც დროის შემდეგ სხვა ხრუშჩოვკებსაც იგივე ბედი ელის“, - განაცხადა არქიტექტორმა.

მერაბ ბოლქვაძის თქმით, შესაძლებელია გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები იმისთვის, რომ ქალაქი წინასწარ მოემზადოს ყველა სცენარისთვის, რადგან ადრე თუ გვიან, ყველა „ხრუშჩოვკას“ ვარკეთილის მესამე კვარტლის მსგავსი ბედი ელის.

მერი ტაბატაძე