რუსთავის საშაურმეებში ინსპექტირება განხორციელდება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საშაურმეებში დარღვევები გამოავლინა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებმა, მოკვლევა ჩაატარეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შემოსული სატელეფონო შეტყობინებების საფუძველზე, რომელიც ეხებოდა გარდაბანსა და რუსთავში შაურმით 10 ადამიანის საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ფაქტებს.

სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმდა რუსთავში, ლეონიძისა და მესხიშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე ი. მ "ილგარ მამედოვისა" და გარდაბანში, აღმაშენებლის 48-ში მდებარე ი. მ. "რამინ მამედოვის" საშაურმეები.  "შაურმის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა მეზოფილურ-აერობული, ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმების, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიების, აურეუსისა და პათოგენური მიკროორგანიზმის - ლისტერია მონოციტოგენეზის არსებობა", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული დარღვევების გამო, სურსათის ეროვნული სააგენტო ი.მ "ილგარ მამედოვისა" და ი.მ "რამინ მამედოვის" საშაურმეებში არაგეგმურ ინსპექტირებას განახორციელებს.