Tesla-მ ჰუმანოიდი რობოტების გაყიდვა შესაძლოა, მომავლ წელს დაიწყოს

Tesla-ს ჰუმანოიდი რობოტი, სახელწოდებით Optimus, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, გასაყიდად შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე იყოს მზად, ხოლო კომპანიის ქარხანაში დავალებების შესრულებას, სავარაუდოდ, ამ წლის ბოლომდე შეძლებს. ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ილონ მასკმა ინვესტორებთან განცხადა, რასაც Reuters ავრცელებს.

Tesla-ს გარდა, ჰუმანოიდურ რობოტებს უკვე რამდენიმე წელია იაპონური კომპანიები, Honda და Hyundai Motor, ასევე, Boston Dynamics ავითარებენ. ამასთან, სტარტაპ Figure AI-მ, რომელიც, ასევე, ჰუმანოიდ რობოტებს ავითარებს, დაახლოებით, 675 მლნ დოლარი მიიზიდა, ხოლო თავად კომპანია 2 მლრდ დოლარად შეფასდა. მისი ინვესტორები Amazon-ის დამფუძნებელი, ჯეფ ბეზოსი, Nvidia და Microsoft-ია.

ჰუმანოიდურ რობოტებზე ფსონს სულ რამდენიმე კომპანია დებს, რომ მათ მუშახელის პოტენციური დეფიციტი შეავსონ და შეასრულონ განმეორებადი ამოცანები, რომლებიც შესაძლოა, ადამიანებისთვის საშიში ან მოსაწყენი იყოს ისეთ ინდუსტრიებში, როგორიც არის ლოგისტიკა, სასაწყობო მეურნეობა, საცალო ვაჭრობა და წარმოება.

მასკი ყოველთვის აცხადებდა, რომ რობოტების გაყიდვა, სხვა სეგმენტებთან, მათ შორის, ავტომობილების წარმოებასთან შედარებით, შესაძლოა, Tesla-ს ბიზნესის უფრო დიდი ნაწილი გახდეს.

„ვფიქრობ, Tesla საუკეთესო პოზიციაზეა ჰუმანოიდური რობოტის ნებისმიერ მწარმოებელთან შედარებით, რომ რობოტზე ეფექტური დასკვნების დახმარებით მის მასობრივ წარმოებას მიაღწიოს,“ - ამბობს მილიარდერი.

Tesla-მ თავისი Optimus-რობოტის პირველი თაობა, სახელად, Bumblebee 2022 წლის სექტემბერში გამოუშვა. წელს კომპანიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მეორე თაობის ორფეხა რობოტი კომპანიის ქარხანაში მაისურს კეცავს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ