პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის ხელისუფლება ტურისტულ გადასახადს აორმაგებს. ინფორმაციას SchengenVisaInfo ავრცელებს.
კერძოდ, სასტუმროებში გატარებულ დღე-ღამეში ტურისტები დამატებით 4 ევროს გადაიხდიან, მაშინ, როცა ამჟამად გადასახადი 2 ევროს შეადგენს.
მერიის განცხადებით, ტურისტების მუდმივად მზარდი რაოდენობისგან დედაქალაქის ბიუჯეტი დამატებით შემოსავალს მიიღებს, რაც ქალაქსა და მის ინფრასტრუქტურას მოხმარდება.
ლისაბონის საქალაქო საბჭომ ტურისტული გადასახადის გაზრდის შესახებ წინადადება უკვე დაამტკიცა. საკითხზე ამჟამად 30-დღიანი საჯარო კონსულტაციები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ცვლილება ძალაში შევა.
ცნობისთვის: აპრილიდან ლისაბონში შესული საკრუიზო გემების მგზავრებისთვის 2-ევროიანი გადასახადი მოქმედებს, იმის მიუხედავად, რჩებიან ისინი ქალაქში ერთი ან რამდენიმე ღამით თუ დღის განმავლობაში ქალაქში უბრალოდ სეირნობენ.
ამასთან, მარტში ცნობილი გახდა, რომ ტურისტებზე ღამისთევის გადასახადი პორტუგალიის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მათ შორის, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე მზიან და პოპულარულ ალგარვეს რეგიონში წესდება. ღამისთევისთვის 1-2-ევროიანი გადასახადი წელს ამოქმედდება. თუმცა ალგარვეს ქალაქ პორტიმაოში ტურისტული გადასახადი 14 მარტიდან უკვე მოქმედებს. ღამისთევის ფასი მაღალ სეზონზე, რომელიც 1-ლი აპრილიდან 31 ოქტომბრამდე გრძელდება, 2 ევროს, ხოლო არასეზონზე, ანუ 1-ლი ნოემბრიდან 31 მარტამდე პერიოდში 1 ევროს შეადგენს. ალგარვეს კიდევ ერთი ქალაქი, ალბუფეირა ტურისტებისთვის დამატებით გადასახადს მაისიდან აწესებს.
ასევე, ვილა-რეალი-დე სანტო-ანტონიოში ტურისტული გადასახადი 2016 წლიდან მოქმედებს, რომლის ოდენობაც დღეღამეში, დაახლოებით, 1 ევროა. ფარუში ტურისტები დამატებით 1,5-ევროიან გადასახადს 2020 წლის თებერვლიდან, ხოლო ოლანში დღეღამეში 2 ევროს 2023 წლის მაისიდან იხდიან.
გადასახადის ამოღების სისტემა ისე მუშაობს, რომ ის ტურისტული ბიზნესიდან მუნიციპალიტეტს გადაეცემა, ხოლო მიღებული შემოსავალი ტურიზმთან დაკავშირებულ ინვესტიციებს, მათ შორის, გარემოს მდგრადობას, კულტურის შენარჩუნებასა და პოპულარული მიმართულებების მხარდაჭერას ხმარდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ