„საქართველოში არის ძალიან დიდი პრობლემა კონცენტრაციის, მონოპოლიების, ოლიგოპოლიების და კარტელური გარიგებების“, რომლის შედეგადაც ხეირს იღებს მხოლოდ მცირე რაოდენობა ადამიანების და ბიზნეს ჯგუფების, დანარჩენი ყველა დატოვებულია თამაშგარე“,- ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მონოპოლია პრობლემაა ყველა დარგში, რაც დაკავშირებულია ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ სისტემასთან.
„თქვენ საუბრობდით მონოპოლიურ მდგომარეობაზე კომუნიკაციების დარგში... ჩვენი ეკონომიკის მთავარი პრობლემა არის, რომ იგივე ხდება ყველა დარგში, იგივე ხდება საბანკო სექტორში, სადაც არის მხოლოდ 2 მონაწილე, მონსტრი ოლიგოპოლია, ავტოგასამართ სადგურებში იგივე ხდება, ტენდერებში იგივე ხდება სამშენებლოში, დეველოპმენტში და ა.შ საქართველოში არის ძალიან დიდი პრობლემა კონცენტრაციის, მონოპოლიების, ოლიგოპოლიების და კარტელური გარიგებების, რომლის შედეგადაც ხეირს იღებს მხოლოდ მცირე რაოდენობა ადამიანების და ბიზნეს ჯგუფების, დანარჩენი ყველა მოთამაშე დატოვებულია თამაშგარე. ერთი და იგივე ხალხი იღებს ლიცენზიებს, ერთი და იგივე ხალხი იღებს ნებართვებს, ერთი და იგივე ხალხი იმარჯვებს ტენდერებში და ეს არასოდეს მთავრდება. ეს არის ქრონი-კაპიტალიზმი და ეს არის პირდაპირ კავშირში იმ პოლიტიკურ სისტემასთან, რომელიც დღეს გვაქვს ქვეყანაში. ამაზე რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ, უფრო კარგი იქნება, იმიტომ, რომ მასშტაბური რეფორმებია საჭირო ყველგან, არამარტო კომუნიკაციებში, არამედ საბანკო სექტორში და ა.შ.“,- განაცხადა ქადაგიძემ.