”საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნულ სტრატეგია – 2025"-ზე მუშაობა დასრულდა

საქართველოს მთავრობამ და მსოფლიო ბანკის ჯგუფმა "საქართველოს ტურიზმის განვითარების ეროვნულ სტრატეგია - 2025"-ზე მუშაობა დაასრულეს.

ტურიზმის ეროვნული სტრატეგიის შემაჯამებელი შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გაიმართა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდა აღნიშნულ სტრატეგიაზე, რომელიც მოიცავს ტურიზმის სექტორის განვითარებას საქართველოში 2025 წლამდე.

როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, ამ დოკუმენტს თან ახლავს სამოქმედო გეგმა, რათა ყოველ უწყებას ჰქონდეს გაწერილი სამოქმედო გეგმა.  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ეს პროცესი მიმდინარეობდა როგორც კერძო სექტორის, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების აქტიური ჩართულობით.

"სტრატეგიის მიზანი გახლავთ დავდოთ ხედვა იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველოში სხვადასხვა სექტორი ტურიზმის სფეროში. მათ შორის როგორ უნდა მოხდეს ახალი ბაზრების ათვისება და დივერსიფიკაცია. მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, ინფრასტრუქტურის განვითარება და ა.შ.", - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისი თქმით, ამ სტრატეგიაში გათვალისწინებულია ტურიზმის ინფრასტრუქტურის განვითარება და ასევე სხვა ასპექტები. აღნიშნული სტრატეგია მოიცავს 10-წლიან პერიოდს, კერძოდ 2015-დან 2025 წლამდე პერიოდს.  როგორც შემაჯამებელი შეხვედრის დაწყებამდე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ქეთევან ბოჭორიშვილმა განაცხადა, მაისის თვე ტურისტების რაოდენობის გაზრდის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი და საკმაოდ წარმატებული იყო.

"არაერთი ღონისძიება და არაერთი აქტივობა იგეგმება ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით. მათ შორის მინდა აღვნიშნო ქვეყნის პოპულარიზაციის კუთხით დაგეგმილი მარკეტინგული კამპანიები, ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით არაერთი სამშენებლო სამუშაო, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე მუშაობა, რომელიც მოზნობრივ ჯგუფებთან ერთად მუშავდება და ამაში მსოფლიო ბანკი გვეხმარება. მასში ჩართულია ყველა უწყება, რომელიც ტურიზმთან არის დაკავშირებული. დღეს არის შუალედური პროექტის წარდგენა, რომელიც საბოლოო სახეს უახლოეს მომავალში მიიღებს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შემაჯამებელ შეხვედრას სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა უწყების, საერთაშორისო ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან.