სოხუმში რუსული ელექტრომატარებელი, „ლასტოჩკა“ სატესტო რეჟიმით პირველად შევიდა. ინფორმაციას TASS ავრცელებს.
მანამდე, 2023 წლიდან „ლასტოჩკა“ სოჭიდან მხოლოდ გაგრაში შედიოდა.
სატესტო რეისით აფხაზეთის რკინიგზის დე ფაქტო გენერალურ დირექტორ არსოუ ჭითანავამ რუსეთის რკინიგზის სპეციალისტებთან ერთად იმგზავრა. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მატარებელი გაგრიდან სოხუმამდე ყველა პლატფორმაზე, სადგურზე, გვირაბში ჩერდებოდა, რომ სპეციალისტებს ყველა ხარვეზი დაეთვალიერებინათ და აღერიცხათ. მიზანი იყო ლიანდაგისა და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დეტალური შემოწმება იმის დასადგენად, „თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად შეიძლება, აღდგეს მუდმივი მიმოსვლა სოხუმთან.“
დადგინდა, რომ მთავარი ხარვეზი მატარებლის ზომას ეხება, რაც გაგრამდე არა, თუმცა გაგრიდან სოხუმამდე პრობლემას ქმნის, რადგან „ლასტოჩკა“ დიდი გაბარიტის მატარებელია, რომელიც სოხუმში პირველად შევიდა. ამდენად, ჭითანავა ხარვეზების აღმოსაფხვრელად და „ლასტოჩკას“ რეგულარულ ამოქმედებამდე გაგრიდან სოხუმამდე მარშრუტზე კიდევ ერთი სატესტო რეისის შესრულებას აუცლებლად მიიჩნევს.
ცნობისთვის: მოსკოვიდან სოხუმში ყოველ მეორე დღეს ჯერ მხოლოდ მოსკოვი-სოხუმი-მოსკოვის სამგზავრო მატარებელი დადის, რომელიც 20 აპრილიდან უკვე ყოველდღიურ რეჟიმში მოძრაობს. ამასთან, 29 მაისიდან სოხუმის სადგურზე მატარებელი ყოველდღე სანქტ-პეტერბურგიდანაც ჩავა, ხოლო სამარიდან აფხაზეთში შარშანდელი მარშრუტი წელს გაუქმდება.
რაც შეეხება შარშან გახსნილ ტურისტულ მატარებელს ტუაფსედან გაგრამდე, ის ზაფხულიდან ყოველდღიურად იმოძრავებს, ხოლო ტურისტული მატარებელი, „სოჭი“ მოსკოვი-ნიჟნი ნოვგოროდი-სოჭი-სოხუმის მარშრუტზე და უკან წელს მხოლოდ ერთხელ გავა. გასულ წელს ამ მატარებელმა გაგრასა და სოხუმში ღამისთევითა და აფხაზეთის ღირსშესანიშნაობებზე ექსკურსიებით ორი რეისი შეასრულა.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, აფხაზეთში 2017 წლიდან მგზავრთა ტრანსპორტირება ბილეთების ერთიანი სისტემით მიმდინარეობს. წლევანდელ საკურორტო სეზონზე აფხაზეთის ხუთ ქალაქში, გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ახალ ათონსა და სოხუმში რუსეთის მოქალაქეების ტრანსპორტირება ადლერის რკინიგზის სადგურზე და სოჭის აეროპორტში გადაჯდომით მოხდება, რაც 30 აპრილიდან დაიწყება და 30 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ