„მე ვესაუბრე ჩემს ყოფილ კოლეგებს... ამის შესახებ არავინ იცოდა, ასე, ტელეფონის ზარით გაკეთდა 2-პუნქტიანი შესწორება“

„წარმოიდგინეთ, თითოეული ჩვენგანი ვიხდით გადასახადებს და ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი, მდიდარი ადამიანი არ იხდის, რადგან გადაწყვიტა, რომ გადასახადების გადახდა არ უნდა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

საუბარია, საგადასახადო კოდექსში შესულ ცვლილებებზე, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა კიდეც. პროექტის მიხედვით, გარდა იმისა, რომ ფიზიკურ პირებს 2021 წლის 1-ელ იანვრამდე არსებული დავალიანება ჩამოეწერებათ, ოფშორული ქვეყნებიდან ქონების საქართველოში გადმოტანაზე საგადასახადო შეღავათები წესდება.

როგორც გიორგი ქადაგიძე აღნიშნა, ის ესაუბრა ყოფილ კოლეგებს შემოსავლების სამსახურში და აღნიშნული კანონის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ. როგორც ეროვნული ბანკის ყფილი პრეზიდენტი ამბობს, „ტელეფონის ზარით გაკეთდა 2 პუნქტიანი შესწორება“.

„მაგალითად, მე, მანქანა ჩამოვიყვანე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, განვაბაჟე, ისევე როგორც განაბაჟებს ყველა მოქალაქე, 300 ლარის ღირებულების პროდუქციაზე მეტს თუ გამოიწერ, საბაჟო დეკლარაციას ექვემდებარება, მცირე და საშუალო ბიზნესი, მაგალითად, ელიავას ბაზრობაზე რომ არიან დასაქმებულები, ჩვენი ათასობით თანამოქალაქე, იხდიან დამატებითი ღირებულების გადასახადს, ქონების გადასახადს ვიხდით, ვისი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, ანუ, 3 500 ლარზე მეტი ვისაც აქვს შემოსავალი, ქონების გადასახადს ყველაფერზე ვიხდით, ბინაზე, თუ სხვა უძრავ ქონებაზე, რაც გვაქვს, თითოეული პატიოსანი თანამოქალაქე...

ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ თვითონ არ უნდა გადასახადების გადახდა და დაავალა პარლამენტს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, იმიტომ, რომ მე ვესაუბრე ჩემს ყოფილ კოლეგებს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, ამის შესახებ არავინ იცოდა, ასე, ტელეფონის ზარით გაკეთდა 2-პუნქტიანი შესწორება, სადაც ითქვა, რომ თუ ოფშორიდან ივანიშვილი, ან ნებისმიერი სხვა, გადმოაფორმებს თვითმფრინავს, იახტას, ძვირად ღირებულ ნივთებს და ა.შ მას არ უნდა გადასახადების გადახდა. მას არ უნდა დღგ-ს გადახდა, მას არ უნდა განბაჟების გადახდა და სხვა გადასახადების და მოსაკრებლების გადახდა. რაც ყველაზე უფრო დამცინავია, ქონების გადასახადს რაც შეეხება, არა ერთჯერადად, არამედ, 2030 წლამდე არ გადავიხდიო. წარმოიდგინეთ, თითოეული ჩვენგანი ვიხდით გადასახადებს და ამ ქვეყნის ყველაზე გავლენიანი, მდიდარი ადამიანი არ იხდის, რადგან გადაწყვიტა,რომ გადასახადების გადახდა არ უნდა“,- განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ნინი ქეთელაური