„ოქროს ზოდების რეალიზება, უახლოეს მომავალში არ იგეგმება,“ - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ, პარლამენტის წევრის რომან გოცირიძის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილ ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, სებ-მა მონეტარული ოქროს ზოდები საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისგან (BIS) შეიძინა, რომელიც მსგავს მომსახურებას არაერთ ცენტრალურ ბანკს უწევს.
„ცენტრალური ბანკების ოქროთი მზარდი დაინტერესება დაკავშირებულია მსოფლიოში გლობალურად გაზრდილ გეოპოლიტიკურ რისკებთან და გამძაფრებულ ინფლაციურ ფონთან. სწორედ მონეტარული ოქრო არის ყველაზე უსაფრთხო აქტივი, რომელიც გლობალური ინფლაციისგან ჰეჯირების საუკეთესო საშულებას წარმოადგენს. ოქრო ის აქტივია, რომელიც გრძელვადიან პერიოდში საკუთარ (მატერიალურ) ღირებულებას ინარჩუნებს. სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა სებ-ის მხრიდან ოქროთი დაინტერესება და საერთაშორისო რეზერვების ოქროში ინვესტირების დაწყება.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული ოქროს ზოდები საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკისგან (BIS) შეიძინა, რომელიც მსგავს მომსახურებას არაერთ ცენტრალურ ბანკს უწევს. გარიგებები განხორციელდა საერთაშორისო ბაზრებზე გარიგების დადების მომენტისთვის არსებულ მიმდინარე ფასად.
რაც შეეხება ოქროს ზოდების პოტენციურ რეალიზებას, მოგახსენებთ, რომ ოქროში ინვესტიცია წარმოადგენს სებ-ის სტრატეგიულ გადაწყვეტილებას და უახლოეს მომავალში მისი რეალიზება არ იგეგმება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მონეტარული ოქროს კონვერტირებაც სხვა სარეზერვო ვალუტებში,“- ნათქვამია სებ-ის მიერ დეპუტატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ სებ-ის საბჭოს 2024 წლის 1-ლი მარტის გადაწყვეტილების შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა 500 მლნ აშშ-ის დოლარის მოცულობის, 7 ტონა, უმაღლესი სინჯის (999.9) მონეტარული ოქრო - საერთაშორისო სტანდარტების ზოდების სახით ლონდონის ოქროს ზოდების ბაზარზე შეიძინა.