საქართველოში შესაძლოა, UBER-ის ტაქსები გამოჩნდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება სოციალურ ქსელში.
ტაქსის გამოძახების მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პლატფორმის აპლიკაცია ქართულ ბაზარზე უკვე დაემატა. Google Play-სა და App Store-ში აპლიკაცია Uber Ge-ის სახელით იძებნება. ამავე მონაცემებიდან ირკვევა, რომ ხელმისაწვდომი იქნება Uber Black-ი, რაც პრემიუმ კლასის მგზავრობის სერვისს სთავაზობს მოქალაქეებს.
როგორც ტაქსისტების ნაწილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, აპლიკაცია გადმოწერეს და რაღაც ეტაპზე რეგისტრაციაც გაიარეს. მათივე ცნობით, ზუსტი ინფორმაცია არ აქვთ, თუმცა UBER-ის შემოსვლაზე საუბარი მიმდინარეობს. ამასთანავე, ისინი აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში ქართულ ბაზარზე კიდევ ერთი ტაქსის გამოძახების ახალი პლატფორმა Lyns-ი გამოჩნდა.
როგორც „ბიზნესპრესნიუსმა“ გაარკვია, Lyns-ი ტაქსის გამოძახების ქართული კომპანიაა. Lyns-ი თავდაპირველად კახეთის რეგიონში ოპერირებდა და დედაქალაქში სულ ცოტა ხნის წინ შემოვიდა.