„ძალაუფლება არის ერთის ხელში“ – ძვირი სატელეკომუნიკაციო კავშირის მონოპოლია საქართველოში

კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით ჩატარებული მობილური კომუნიკაციების ბაზრის კომპლექსური კვლევის შედეგად, ევროკავშირის ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მობილური კომუნიკაციების ქართული ბაზარი არაკონკურენტულია, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს აბონენტებს.

მათივე შეფასებით, ეს გარემოება წინასწარი რეგულირების გარეშე, სულ მცირე მომდევნო სამი წელი არ შეიცვლება, რითიც მომხმარებლები დაზარალდებიან.

როგორც კომუნიკაციების კომისიის წევრმა, ეკატერინე იმედაძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, მომხმარებლებს გაცილებით მეტის გადახდა უწევთ გარკვეულ მომსახურებაში, ვიდრე ევროპელ აბონენტებს. ფასებს მობილური აბონენტები შეთანხმებულად ზრდიან. მათი მომგებიანობის მარჟა კი საკმაოდ დიდია.

„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარს და ჩავატარეთ კვლევა ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამით ევროპელ ექსპერტებთან ერთად. მიგნებები საკმაოდ კრიტიკულია და ის ამბობს, რომ ქართული სატელეკომუნიკაციო ბაზარი განიცდის სტაგნაციას. შეფასდა გასული 5 წელი და ეს მიგნებები გვეუბნება, რომ ბაზარი არჩევანშია შეზღუდული მომხმარებლებისთვის“, - აცხადებს ეკატერინე იმედაძე.

მისი თქმით, ცალკე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ როგორც კი აბონენტის მოთხოვნილება იცვლება, ფასი ჯერადობით იზრდება.

„შეზღუდვა სწორედ ამაში მდგომარეობს, მას არ აქვს ალტერნატივა. ეს აჩენს ეჭვს, რომ სამივე ოპერატორი შეთანხმებულად აწესებს ფასებს. ბაზარს ჰყავს ერთი კონკრეტული ლიდერი და ეს არის „მაგთიკომი“, რომლის გამო დანარჩენმა ორმა ოპერატორმა ვერ შეძლო, რომ გარდატეხა შეეტანა ბაზარზე და შესაბამისად ამან მომხმარებლის არჩევანი შეზღუდა“ - აცხადებს კომუნიკაციების კომისიის წევრი.

„მაგთიკომის“ შემოსავლებით ბაზრის წილი თითქმის უცვლელია ბოლო 5 წლის განმავლობაში და ის თითქმის ბაზრის ნახევარს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ საკმაოდ დიდი სხვაობაა პირველ ოპერატორსა და მეორესა და მესამეს შორის. აქ გარდატეხა რომ შეიტანო, არის დაზიანების რისკი, შესაბამისად, კვლევამ გვაჩვენა, რომ ძალაუფლება არის ერთის და არა რამდენიმეს ხელში.

უმნიშვნელოვანესია ისიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში 6-ჯერ გაიზარდა ინტერნეტ-ტრაფიკი. შესაბამისად, ერთია ის ოპერატორი, რომელიც თამაშის წესებს კარნახობს.

რეგულაციის მიზანია, რომ კონკურენცია გამძაფრდეს და მეორე და მესამე მოთამაშეს მიეცეს შესაძლებლობა და შემოვიდეს ახალი მოთამაშეც“ - აცხადებს ეკატერინე იმედაძე.

კომუნიკაციების კომისიის წევრი განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ნებაყოფლობითი ნაბიჯები არ განხორციელდება კომპანიის მხრიდან, კომისია უფლებას იტოვებს სანქცოირების მექანიზმებს მიმართოს, რაც ჯერ გაფრთხილებას, ხოლო შემდეგ ფინანსურ ჯარიმებს გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს).

ეკა დარჩიაშვილი