ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი თუ ამას დასავლეთი გადაწყვეტს და ჩვენ მოვექცევით ეკონომიკურ ბლოკადაში თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე, თუ ცივილიზებული სამყარო ჩვენზე იტყვის უარს. ამის თავიდან ასაცილებლად კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე -„კი ევროპას, არა რუსულ კანონს!“ განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რომ საქართველოში ბიზნესმენები „გაჩუმებულები არიან“, ეს სწორი არ არის.
„ერთი წამით წარმოიდგინეთ, ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი თუ ამას დასავლეთი, ევროპა გადაწყვეტს და ჩვენ მოვექცევით ეკონომიკურ ბლოკადაში, თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე, თუ ცივილიზებული სამყარო ჩვენზე იტყვის უარს, აუცილებლად ჩვენი ლარი გახდება კუპონი. ჯერ ისედაც გაძვირებულია ყველაფერი, ამ ლარს ფასი არ აქვს, ადამიანებს ამდენი პრობლემა აქვს და ივანიშვილს კიდევ ძალიან ბევრი დოლარი აქვს, არ ნერვიულობს, გასაქცევიც ექნება სადმე და ფიქრობს ალბათ, აიღებს ამ ჩემოდნებს და უკაცრავად, მაგრამ ხალხმა რა უნდა ქნას? ჩვენ ჩვენი შვილების მომავალი ივანიშვილს გავატანოთ რუსეთში და საქართველო რუსეთის გუბერნია გახდეს?
წესიერ ადამიანებს, რომლებიც ინახავენ ოჯახებს, ემიგრაციაში არიან გაქცეულები, კარგად ესმით, რომ ეს რუსული კანონი არის პრობლემა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. მე კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ბიზნესმენებს - ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი გააუქმებს ამ ქვეყანას და მერე თქვენ რომ მოგადგებიან და „გაკულაკებას“ დაიწყებენ, თუ გგონიათ რომ ივანიშვილი ამას არ იკადრებს? ამას კი არა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აზრიც არ აინტერესებს, არცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორის აზრი ამათ არ აინტერესებთ და თქვენთან რომ მოვლენ, გაჩუმებულები რომ ხართ, ეს არ არის სწორი. ყურები გამოიბერტყეთ, თვალები გაახილეთ, სამშობლოს გვართმევენ და თქვენ რომ სიმდიდრე გგონიათ ეგ არაფერი არ არის, „გაგაკულაკებენ“, წაგართმევენ მაგ ბიზნესებს და ივანიშვილი ჩაიდებს ჯიბეში. კანონიც ისეთი შემოაქვთ, რომ მილიარდს შემოიტანს, შავ ფულს და ლარსაც არ გადაიხდის“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, მან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილმა ბათუმისთვის ძალიან ბევრი გააკეთა და „ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს, მთავრობამ მესამე პრეზიდენტს ხალხთან საუბრის უფლება მისცეს.
„ბათუმიდან, არ შემიძლია არ ვახსენო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ბათუმისთვის, არ შეიძლება მის პოლიტიკურ პატიმრობას არ შევეხოთ. არ შევეხოთ რეზოლუციას, რომელიც გუშინ იქნა მიღებული, იგივე ვიზალიბერალიზაციის პრობლემაზე, პოლიტიკურ დევნაზე. ჩვენ არაფერს ვითხოვთ გარდა ერთისა, მისცენ მიხეილ სააკაშვილს უფლება ელაპარაკოს მის ხალხს, თქვენ გელაპარაკოთ და ხალხმა გადაწყვიტოს როგორი ქვეყანა უნდა, როგორი კანონი უნდათ, როგორი კოალიციური მთავრობა უნდათ. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პარტიები დავსხდებით და ჩვენ გადავწყვეტთ. დემოკრატია არის ხალხის მმართველობა და ამიტომ ივანიშვილს, კობახიძეს თუ არ ეშინიათ, უმნიშვნელოვანესია ყველა პოლიტიკურ ლიდერს ჰქონდეს თანაბარი პირობები და მითუმეტეს იმ ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის უკეთებია და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს გააკეთებს. ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს ქართველი ხალხი!“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.