იაპონიის ხელისუფლებამ, ტურისტებისთვის შეზღუდვების დაწესების ფარგლებში, პატარა საკურორტო ქალაქ ფუჯიკავაგუჩიკოში უზარმაზარ ბარიერს დაამონტაჟებს, რომელიც ფუჯის მთის ხედს დაფარავს. ამის შესახებ მერიის წარმომადგენელმა განაცხადა, რასაც The Guardian ავრცელებს.
2,5 მეტრ სიმაღლისა და 20 მეტრ სიგრძის ბარიერის მშენებლობა მომავალ კვირას დაიწყება.
“სამწუხაროა, ამის გაკეთება რომ გვიწევს, მაგრამ ზოგიერთი ტურისტი წესებს არ იცავს, ნაგავს ტოვებსდა საგზაო მოძრაობის წესებს უგულებელყოფს,” - აცხადებს ოფიციალური პირი.
ფუჯის მთა იაპონიაში ყველაზე მაღალია, რომლის გადაღებაც აპარატით ფუჯიკავაგუჩიკოს მრავალი წერტილიდან არის შესაძლებელი. თუმცა განსაკუთრებით პოპულარულია Lawson-ის ქსელის ერთ-ერთი მაღაზიის მიმდებარე ტერიტორია, საიდანაც მთის დიდებული აქტიური ვულკანი კარგად მოჩანს. შედეგად უცხოელი ტურისტები მაღაზიის მახლობლად მდებარე მოედანზე მუდმივად იკრიბებიან და საგზაო მოძრაობას ბლოკავენ.
ვინაიდან ტურისტები საგზაო ნიშნებსა და დაცვის თანამშრომლების არაერთ გაფრთხილებას უგულებელყოფენ, ქალაქის მცხოვრებლებმა ხედის დასაფარად უზარმაზარი ბარიერის აღმართვა მოითხოვეს. ეს ღონისძიება ტურისტებისაგან იქვე მდებარე სტომატოლოგიური კლინიკის დაცვასაც ისახავს მიზნად, რომლის მიმდებარედ ავტომობილებს ისინი უნებართვოდ აპარკინგებენ და იდეალური ფოტოს გადასაღებად ზოგჯერ კლინიკის სახურავზეც კი ადიან.
ქალაქის მერია აცხადებს, რომ ბარიერი ადგილზე დარჩება მანამ, ვიდრე მდგომარეობა არ გამოსწორდება.
ცნობისთვის: მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ფუჯის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე იოშიდას ბილიკზე ასვლა ტურისტებისთვის ფასიანი ხდება, რომლის ოდენობაც 2 ათას იაპონურ იენს, ანუ, დაახლოებით, 13 დოლარს შეადგენს. მთაზე ასვლა ადგილობრივი დროით 16:00-დან 02:00 საათამდე აიკრძალება, ხოლო ნებადართული ტურისტების დღიური ლიმიტი 4,000 ადამიანით იქნება განსაზღვრული. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, შეზღუდვები ტურისტების რაოდენობის მკვეთრი მატების შედეგია, რაც დიდ დანაგვიანებას იწვევს.
გასულ წელს ფუჯის მთა 221,000-ზე მეტმა ადამიანმა მოინახულა. მათგან, დაახლოებით, 137,000 ვიზიტორი მთაზე იოშიდას ბილიკით ავიდა.
ფუჯის იაპონელები უკვდავების მთად მიიჩნევენ დაამბობენ, რომ ვინც მას დაიპყრობს, მარადიულ სიცოცხლეს მოიპოვებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ