რუსეთში ქართული ღვინო, თითქმის, 2 დოლარით გაძვირდება და რუსულ ღვინოსთან კონკურენცია გაუჭირდება - რუსი ექსპერტი

რუსეთში ბოთლი ქართული ღვინის საცალო სავაჭრო ფასი, რომლის საიმპორტო გადასახადიც ნულოვანია, შესაძლოა, 100-150 რუბლით (1-1,60 დოლარით) გაიზარდოს. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ საინფორმაციო ცენტრ WineRetail-ის ხელმძღვანელმა, ალექსანდრე სტავცევმა განუცხადა.

მისი თქმით, რუსეთში ღვინოზე სააქციზო განაკვეთები 1 მაისიდან იზრდება და ამ ფონზე იმპორტირებული ალკოჰოლი მნიშვნელოვნად გაძვირდება, თუმცა გაიზრდება შიდა პროდუქციის კონკურენტუნარიანობაც.

მისი პროგნოზით, 700 რუბლამდე (7,5 დოლარამდე) კატეგორიაში ქართულ, ისევე, როგორც ჩილეს ღვინოებს რუსეთთან კონკურენცია უკვე გაუჭირდებათ, რადგან მთავრობა გულმოდგინედ ასუფთავებს ბაზარს 500 რუბლამდე (5,5 დოლარამდე) ღირებულების იმპორტირებული ღვინისგან, ხოლო აქციზის გადასახადი რუსული ღვინის კონკურენტუნარიანობის დონეს, დაახლოებით, 700 რუბლამდე (7,5 დოლარამდე) აამაღლებს.

„იმპორტირებულ ალკოჰოლურ პროდუქტებზე ფასების ზრდა საკმაოდ შესამჩნევი იქნება და ეს ყველაზე, მათ შორის, „მეგობარ“ ქვეყნებზეც აისახება,“ - აცხადებს სტავცევი.

ცნობისთვის: 1 მაისიდან რუსულ ცქრიალა ღვინოზე აქციზის განაკვეთი ლიტრზე 45 რუბლიდან 119 რუბლამდე (0.50-დან 1,30 დოლარამდე), იმპორტირებულ ცქრიალა ღვინოზე 141 რუბლამდე (1,50 დოლარამდე), ხოლო ღვინოებზე 34-დან 108 რუბლამდე (0.35-დან 1,20 დოლარამდე) იზრდება. ამასთან, პუტინის მიერ ახლახან ხელმოწერილი კანონი ითვალისწინებს აქციზის განაკვეთის დაბრუნებას რუსი მეღვინეებისთვის, რაშიც მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ იგი უბრუნდება არა მხოლოდ „სრული ციკლისთვის,“ არამედ რუსეთში შეძენილ ჩამოსასხმელ ღვინოზეც, თუ მისი წარმოშობა არის ასახული.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ