„დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია“

დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ბიზნესმენი, „აი ჯი დეველოფმენტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე წერს.

„ბიზნესპრესნიუსი“ ბიზნესმენის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„მე, როგორც ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის დამფუძნებელი, მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.

ჩვენი კომპანიის საქმიანობა ბევრ წელს ითვლის. ბიზნესი ვითარდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობის დროს. ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის გამოწვევები და სირთულეები, რომელთა წინაშეც არაერთხელ აღმოვჩნდით.

ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნეს გარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას. დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია. ღრმად მწამს და მჯერა, რომ მალე საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, - წერს მინდია საბანაძე.