ბუნებრივი აირის გლობალური წარმოება გასულ წელს, წინა წელთან შედარებით, 0,8%-ით გაიზარდა და 4,08 ტრლნ კუბურ მეტრს მიაღწია. ამის შესახებ გაზის ექსპორტიორი ქვეყნების ფორუმის (GECF) 2024 წლის ანგარიშში წერია.
მოპოვების ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში, ხოლო ევრაზიასა და ევროპაში, პირიქით, შემცირდა.
ევროპაში 2023 წელს ბუნებრივი აირის მოპოვება, წინა წელთან შედარებით, 19 მლრდ კუბური მეტრით, ანუ 8,2%-ით შემცირდა და 214 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. მიზეზად საბადოებზე მიმდინარე ტექნიკური მომსახურების სამუშაობი სახელდება, ანუ ანგარიშის მიხედვით, კლება სარემონტო სამუშაოების გახანგრძლივებამ და გაზის ზოგიერთი ე.წ. მომწიფებული საბადოს დახურვამ განაპირობა.
კერძოდ, ევროპის სამი ძირითადი მწარმოებლიდან ნორვეგიაში მოპოვება 7 მილიარდით, ნიდერლანდებში 5.5 მილიარდით, ხოლო დიდ ბრიტანეთში 4.6 მლრდ კუბური მეტრით შემცირდა.
2023 წელს ნორვეგიის გაზის მოპოვებამ 126 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა, რაც, წინა წელთან შედარებით, 5,3%-ით ნაკლებია. ქვეყანაში წარმოების კლება, ძირითადად, ტროლის საბადოზე და კოლსნესის გაზგადამამუშავებელ ქარხანაში სარემონტო სამუშაოების გახანგრძლივებამ განაპირობა, რომლებიც ჩრდილოეთ ზღვაში მნიშვნელოვანი საბადოებია.
ანგარიშში, ასევე, ხაზგასმულია თურქეთის მიერ შავ ზღვაში ბუნებრივი გაზის საბადოს აღმოჩენა და რუმინეთის სტრატეგიული გეგმა შავ ზღვაში გაზის დიდი საბადოების შესამუშავებლად.
Enerdata-ს ბოლო კვლევის მიხედვით, ბუნებრივი აირის მწარმოებელი ქვეყნების მსოფლიო ტოპ 10-ეული ასეთია:
რაც შეეხება თხევად ბუნებრივი გაზს (LNG), ანგარიშის მიხედვით, ევროპასა და თურქეთში გასულ წელს LNG-ის იმპორტი შემცირდა. თურქეთში იმპორტის შემცირების მთავარი მიზეზი გაზის მოპოვების ზრდა და ქვეყანაში გაზის მოხმარების შემცირებაა.
ცნობისთვის: 19 აპრილს თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში საქარიას გაზის საბადოზე ბუნებრივი აირის ყოველდღიური მოპოვება მაისისთვის 5 მლნ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. ამჟამად საქარიაზე ყოველდღიურად 4 მლნ კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიპოვება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ