ევროპის რომელი ქალაქია დასასვენებლად საუკეთესო - VisaGuide.World-ის რეიტინგი

პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი, რომლის ხელისუფლებაც ტურისტულ გადასახადს აორმაგებს, მიმდინარე წლის ტურიზმისთვის ევროპის საუკეთესო დედაქალაქად აღიარეს. ამის შესახებ VisaGuide.World-ის რეიტინგში წერია.

კვლევის ავტორები წერენ, რომ ლისაბონს მოგზაურობის მოყვარულები დიდი ხანია, კარგად აფასებენ. კერძოდ, ქალაქი ფართოდ არის ცნობილი თავისი ფერადი შენობებით, ლამაზი პეიზაჟებითა და თბილი კლიმატით, თუმცა ტურისტებს მხოლოდ ეს არ ხიბლავთ. ლისაბონი, ასევე, ერთ-ერთი ყველაზე იაფი მიმართულებაა რეიტინგში. კერძოდ, ქალაქში ერთი კვირით დასვენება, საშუალოდ, 385 ევრო ღირს.

იმის მიუხედავად, რომ ეს ფასები ინფლაციის გამო შესაძლოა, მალე გაიზარდოს, ხოლო ტურისტებისთვის ღამისთევის დამატებითი გადასახადიც იმატებს, დასვენების მთლიანი ღირებულება, ევროპის სხვა დედაქალაქების უმეტესობასთან შედარებით, მაინც დაბალია.

უფრო მეტიც, პორტუგალიელები, ესპანელებისა და იტალიელების შემდეგ, ყველაზე მეგობრულ მასპინძლებად დასახლედნენ, ხოლო ინგლისური ენის ცოდნაში ნიდერლანდების შემდეგ საუკეთესონი არიან.

ტურიზმის მხრივ 2024 წლის საუკეთესო ევროპული დედაქალაქებია:

  • ლისაბონი, პორტუგალია (კვირაში ტურისტის საშუალო ბიუჯეტი - 385 ევრო)
  • ამსტერდამი, ნიდერლანდები (465 ევრო)
  • პრაღა, ჩეხეთი (365 ევრო)
  • ვარშავა, პოლონეთი (395 ევრო)
  • მადრიდი, ესპანეთი (440 ევრო)
  • ზაგრები, ხორვატია (425 ევრო)
  • ლონდონი, დიდი ბრიტანეთი (575 ევრო)
  • რომი, იტალია (505 ევრო)
  • ბერნი, შვეიცარია (725 ევრო)
  • პარიზი, საფრანგეთი (640 ევრო)

VisaGuide.World მსოფლიოში ვიზების შესახებ უფასო ონლაინ საინფორმაციო გზამკვლევია. ერთ-ერთი წამყვანი სავიზო საინფორმაციო ვებგვერდი მსოფლიო ქვეყნებში მნიშვნელოვანი სავიზო სიახლეებისა და განახლებების შესახებ ადვილად წასაკითხ ინფორმაციას ავრცელებს. VisaGuide.World 2017 წელს ჩაეშვა, რომელსაც ინფორმაციის მისაღებად ყოველწლიურად 30 მილიონზე მეტი მკითხველი სტუმრობს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ