პოლონეთის წევრობა ევროკავშირს 20 წლის განმავლობაში 161,6 მლრდ ევრო დაუჯდა - ამის შესახებ პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებში წერია.
ქვეყანა ევროკავშირს 2004 წლის 1-ელ მაისს შეუერთდა და ამ თარიღიდან 2023 წლის ბოლომდე გაერთიანების ბიუჯეტიდან 245,5 მლრდ ევრო მიიღო, ხოლო თავად პოლონეთმა საწევრო შენატანის სახით 83,7 მლრდ ევრო გადაიხადა. ამდენად, ქვეყნის დადებითი ბალანსი 161,6 მლრდ ევროს შეადგენს.
უფრო მეტიც, 20 წლის განმავლობაში ევროკავშირის ბიუჯეტიდან ინექციებმა პოლონეთის მშპ-ის, დაახლოებით, 2.1% შეადგინა.
ევროკავშირის ბიუჯეტიდან ტრანსფერების ყველაზე დიდი ბენეფიციარი, 13,3%-იანი წილით, პოლონეთი იყო. მის შემდეგ არის იტალია, ესპანეთი და საფრანგეთი, რომელთა წილიც სათითაოდ, დაახლოებით, 12%-ს შეადგენს.
პოლონეთის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, ევროკავშირიდან ქვეყანაში შესული თანხის 65%, შემჭიდროების პოლიტიკის ფარგლებში, ძირითადად, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და სოციალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებს მოხმარდა, ხოლო თანხის 30%-ზე მეტი პოლონეთს ერთიანი სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ფარგლებში გადაეცა.
პოლონეთმა, სასამართლო რეფორმების შედეგად, წლის დასაწყისში ევროკავშირისგან დამატებითი თანხის განბლოკვას მიაღწია, რომელიც კორონაპანდემიის შემდგომი გაჯანსაღების ეროვნული გეგმის ნაწილია. კერძოდ, ქვეყანას ევროკავშირში წევრობის პერიოდში ყველაზე დიდი ტრანში, დაახლოებით, 6,2 მლრდ ევრო უკვე გადაეცა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ