ხელს ვუწყობთ მეტი სესხის გაცემას მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის - ნათია თურნავა

„ენერგეტიკის სექტორის პორტფელი ბანკებში სტაბილურად დაბალი საკრედიტო რისკებით ხასიათდება“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკის სექტორის მაღალი წილი ბანკების საკრედიტო პორტფელში ფინანსურ სტაბილურობასა უწყობს ხელს და ამცირებს მის ციკლურობას.

„აქედან გამომდინარე, ხელს ვუწყობთ მეტი სესხის გაცემას მწვანე ენერგეტიკის განვითარებისთვის. ასევე, ჩვენი სტრატეგიაა განვავითაროთ მდგრადი დაფინანსება და აქედან გამომდინარე, ბანკებს შესაბამის რეგულაციებს ვუქმნით, რომ მოწადინებული იყვნენ, რაც შეიძლება მეტი მწვანე ენერგეტიკული პროექტი დააფინანსონ“, - განაცხადა თურნავამ.

სებ-ის სპეციალიზებული რისკების დეპარტამენტმა ენერგეტიკის სექტორის კვლევა მოამზადა, კვლევა მოიცავს ენერგეტიკის სისტემის ზოგად მიმოხილვას, ენერგეტიკის სისტემის შედარებით ანალიზს ქვეყნების მიხედვით, სექტორის საკრედიტო პორტფელის მიმოხილვას და ელექტროენერგიის მწარმოებელი სადგურების ფინანსურ ანალიზს.

„საქართველოში არსებული კერძო ჰესები მაღალი კრედიტუნარიანობითა და საოპერაციო მოგების მაჩვენებლით ხასიათდებიან. კვლევის თანახმად, 2018-2023 წლებში ენერგეტიკის სექტორზე გაცემული საბანკო ვალდებულებების მოცულობა გაორმაგებულია და მნიშვნელოვან წილს იკავებს ჯამურ ბიზნეს საკრედიტო პორტფელში. სხვა სექტორებთან შედარებით ენერგეტიკის სექტორში საშუალოდ ორჯერ მეტი ვადიანობის მქონე სესხები, მსგავსი საპროცენტო განაკვეთებით გაიცემა“, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ენერგეტიკის სექტორის პორტფელი დაბალი საკრედიტო რისკებით, თუმცა შედარებით მაღალი კონცენტრაციით ხასიათდება.

„აღსანიშნავია ისიც, რომ კვლევაში წარმოდგენილ სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის გენერაცია მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა, რაც ქვეყნის ხელსაყრელი ლანდშაფტითა და კლიმატური პირობებით, საერთაშორისო ვაჭრობის შესაძლებლობებით, ჩართული მარეების სიძლიერითა და მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციებითაა განპირობებული“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მერი ტაბატაძე