IDFI-მ სამინისტროებში 2014 წელს გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა

საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებში 2014 წელს თანამდებობის პირებზე გაიცა დაახლოებით ორჯერ მეტი სახელფასო დანამატი, ვიდრე პრემია, – ამის შესახებ ინფორმაციას "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" ავრცელებს.

"ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" სამინისტროებში 2014 წელს გაცემული პრემიებისა და დანამატების შესახებ კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროების შემთხვევაში, ინფორმაცია მოწოდებულია არასრულყოფილი სახით ამ საჯარო დაწესებულებებში ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის შემდგომ.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა ყველა თანამდებობის პირზე გაცემული პრემია და სახელფასო დანამატი ჯამურად და არა კონკრეტული თანამდებობის პირის მიხედვით. მიუხედავად აღნიშნულისა, მოწოდებული მონაცემები ნათლად აჩვენებს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირებისათვის 2014 წელს პრემიები ჩანაცვლებულია სახელფასო დანამატებით. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფინანსთა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროებში 2014 წელს თანამდებობის პირებზე გაიცა დაახლოებით ორჯერ მეტი სახელფასო დანამატი, ვიდრე პრემია. 2014 წელს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული პრემიების ოდენობა შეადგენს 568 465 ლარს. 2014 წელს ფინანსთა სამინისტროს თანამდებობის პირებზე დარიცხული სახელფასო დანამატების ოდენობა შეადგენს 994 515,72 ლარს", - ნათქვამია კვლევაში.

კვლევის ავტორების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთისგან არ მიჯნავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და სახელფასო დანამატს, შესაბამისად, შეუძლებელია აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით შსს-ში არსებული შრომის ანაზღაურების პოლიტიკის შესახებ რეალური სურათის დანახვა.