„რუსული კანონი“ რადგან ჰქვია, უკვე საინტერესო აღარ უნდა იყოს განხილვისთვის - თემურ ჭყონია

„კანონი მე არ წამიკითხავს და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს შინაარსობრივად. თვითონ სათაური, „რუსული კანონი“ რადგან ჰქვია, უკვე საინტერესო აღარ უნდა იყოს განხილვისთვის“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა მთელი ამ ხნის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

როგორც თემურ ჭყონია ამბობს, მაშინ როდესაც კანონი უარყოფითად არის შეფასებული საერთაშორისო საზოგადოების თუ უცხოელი პარტნიორებს მიერ, „პოლიტიკოსებმა ერთმანეთს უნდა სცენ პატივი და შეთანხმდნენ, რომ ეს კანონი გაიწვიონ და თუ ასეთი მაგარი კანონია და სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რაღაც პერიოდის მერე დაუბრუნდნენ“.

„კანონი მე არ წამიკითხავს და სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს შინაარსობრივად. თვითონ სათაური, „რუსული კანონი“ რადგან ჰქვია, უკვე საინტერესო აღარ უნდა იყოს განხილვისთვის. თემა უკვე არის მიუღებელი სათაურიდან გამომდინარე, შეიძლება შინაარსიდან გამომდინარე იმდენად არ იყოს დატვირთული, მაგრამ სათაურიდან და შეფასებებიდან გამომდინარე, რეზონანსულია ძალიან. უცხოელი ექსპერტები, მეგობრები, პოლიტიკოსები, ამერიკის შეერთებული შტატები, ამ კანონს ყველა აფასებს უარყოფითად. აქედან გამომდინარე, ჩვენი შეფასებები, არ ვიცი ვისთვის მნიშვნელოვანია, ვისთვის არა, მაგრამ თემა აღარ უნდა ექვემდებარებოდეს განხილვას. დღეს უკვე შინაარსს მნიშვნელობა აღარ აქვს, თემა არის მიუღებელი სათაურიდან გამომდინარე. არც მის განხილვა და არც ამხელა აჟიოტაჟი არ უნდა იყოს. პოლიტიკოსებმა ერთმანეთს უნდა სცენ პატივი და შეთანხმდნენ, რომ ეს კანონი გაიწვიონ და თუ ასეთი მაგარი კანონია და სახელმწიფოსთვის აუცილებელია, რაღაც პერიოდის მერე დაუბრუნდნენ”,- აცხადებს თემურ ჭყონია.

კითხვაზე, თუ კანონი საბოლოოდ დამტკიცდა, როგორ აისახება ბიზნეს გარემოზე და ზოგადად ქვეყანაზე, ბიზნესმენი ამბობს - „ცალსახად უარყოფითად არის შეფასებული და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერზე აისახება. არა მხოლოდ ჟურნალისტებზე, ქვეყნის შეფასებაში არის ცუდი. როდესაც თემას უარყოფითად აფასებენ, ამაში ყველა სპექტრი ხვდება. ბიზნესი, ხელოვნება, მედიცინა, ჟურნალისტიკა. ამიტომ, ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ქვეყნის იმიჯს, ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას და პოლიტიკურ ვითარებას, რაც მსოფლიოში ხდება, ყველა მიდის ინტეგრაციისკენ და ჩვენ ასე ცუდად მივდიოდეთ... ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი ახლა იმ 9-პუნქტის შესრულებაზე აქცენტების გაკეთებაა, რომ მიღების (ევროკავშირში) განხილვა დაიწყოს, ვიდრე ის, რომ ამ უშველებელ ენერგიას, ცოდნას, დროს ვკარგავთ თემაზე, რომელიც აპირისპირებს საზოგადოების სხვადასხვა ფენას, მიმართულებას, აპირისპირებს ევროკავშირის პოლიტიკოსებთან, ამერიკის შეერთებულ შტაბებთან, საელჩოებთან, საზოგადოების ყველა წრესთან. ამიტომ, თემა რომელიც უარყოფითად არის შეფასებული, თუ გაწვევა იმდენად რთული პოლიტიკური პროცესია, უნდა გადაიდოს მაინც იქამდე, სანამ არ დავრწმუნდებით ამ კანონის აუცილებლობაში“,- ამბობს თემურ ჭყონია.

ნინი ქეთელაური