რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, ახალი იმპულსი გაჩნდა, ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის განახლება, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.
„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის გამო, ახალი იმპულსი გაჩნდა, ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის განახლება. ეს გამოწვევას წარმოადგენს, მაგრამ ალტერნატივა რა არის? ალტერნატივა ევროკავშირის მხრიდან საშინელი, უპასუხისმგებლო შეცდომა იქნება“, - განაცხადა შარლ მიშელმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ევროკავშირსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ ის აუცილებელი რეფორმები განახორციელონ, რომლებიც ახალი გაფართოებისთვის არის აუცილებელი.
შარლ მიშელმა ევროკავშირის 2004 წლის გაფართოების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპა მსგავსი გამოწვევების წინაშე 20 წლის წინაც იმყოფებოდა.
„ოცი წლის შემდეგ ჩვენ მსგავსი პრობლემის წინაშე ვდგავართ, რადგან გეოპოლიტიკური ქაოსია, მათ შორის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გამო და ამ ქაოსის პირისპირ კიდევ ერთხელ გაერთიანების გეოპოლიტიკური სტრატეგია დგას“, - აღნიშნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, 1-ელ მაისს ევროკავშირი ე.წ. „დიდი აფეთქების“ გაფართოების 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. 2004 წლის 1-ელ მაისს ევროკავშირს 10 სახელმწიფო შეუერთდა.