საუდის არაბეთის პრინცი საქართველოში ინვესტიციების ჩადებას მოუთმენლად ელის

ჩვენი საქართველოში ყოფნის მიზეზი გახლავთ ფინანსური ინტერესები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საუდის არაბეთის პრინცმა განაცხადა.

ალ ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზის ალ საუდის განმარტებით, მოუთმენლად ელოდება ინვესტიციების ჩადებას საქართველოში.  "ჩემთვის დიდი პატივია, ჩამოვსულიყავი საქართველოში. ჩვენს შორის საინტერესო საუბარი შედგა. განვიხილეთ საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. ასევე, მინდა გითხრათ, რომ მართლაც არსებობს შესაძლებლობა, დავაახლოვოთ ჩვენი ორი ქვეყანა - უფრო ახლო ურთიერთობა განვავითაროთ. ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი გახლავთ ფინანსური ინტერესები. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ინვესტიციების ჩადებას თქვენს ქვეყანაში", - განაცხადა საუდის არაბეთის პრინცმა, რომლის თქმითაც, საქართველოში ამ ეტაპზე არსებული სტაბილურობა მისასალმებელია.