2024 წლის 1-ელ კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების1 1.3 მილიონი შემოსვლა, რაც 7.6 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
მათივე ცნობით, შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 48.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.
„აღნიშნული რაოდენობიდან საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 1.2 მილიონი შეადგინა, რაც 8.6 პროცენტით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
2024 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 957.8 ათასს მიაღწია, რაც 9.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 938.6 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 11 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საერთაშორისო ვიზიტორების 81.5 პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო ვიზიტორების 4 პროცენტი იყო როგორც ტურისტი, ასევე ექსკურსანტი.
2024 წლის 1-ელ კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 187.1 ათასი, დაფიქსირდა თურქეთიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა რუსეთის ფედერაცია 19.2%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 14.5%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (254.6 ათასი), რუსეთის ფედერაციის (215.5 ათასი) და სომხეთის (191.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.
ვიზიტორების უმრავლესობა, 49.7 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 35.9 პროცენტს შეადგენდა.
2024 წლის 1-ელ კვარტალში ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი (44.8 პროცენტი) განხორციელდა დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით. ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 608.1 ათასი და 363 ათასი ვიზიტი.
2024 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 5.5 ღამე შეადგინა, რაც 2023 წლის 1-ელ კვარტალში დაფიქსირებულ მაჩვენებელზე (6 ღამე) 8.6 პროცენტით ნაკლებია. განხორციელებული ვიზიტების 81.3 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.
2024 წლის 1-ელ კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.2 მილიარდ ლარს გაუტოლდა, რაც 6.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. ვიზიტზე საშუალო ხარჯი 2023 წლის 1-ელ კვარტალთან შედარებით 1.6 პროცენტით შემცირდა და 1 869.1 ლარი შეადგინა,“- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.